თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მარიკა დათუკიშვილი პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს.
ამის შესახებ დათუკიშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.
"ერთხელ უკვე აღვნიშნე, რომ მექნებოდა რეაქცია იმის მიხედვით, ვინ და რა ღირებულებების მქონე პირი დასახელდებოდა ენმ თავმჯდომარეობის კანდიდატად. რადგან ახლა ვნახე, რომ დასახელდა პირი, რომლის ღირებულებები, წარსული საქმიანობა, პარტიიდან წასვლა და პარტიაში დაბრუნება-გამოვაჭრება, ყალბი პათოსი, მატერიალური და არამატერიალური სიხარბე, განათლების დეფიციტი, და კიდევ უამრავი თვისება, რომელიც პოლიტიკაში მყოფ პირს არ უნდა ჰქონდეს, არა თუ პარტიის ლიდერს, კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის, რასაკვირველია, დაინტერესების შემთხვევაში, თითოეულ ამ ჩამონათვალზე კონკრეტული ფაქტებით შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ ამჯერად აქ შევჩერდები და მივმართავ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -ს, ჩემი ფეისბუქსტატუსი მიიღეთ ოფიციალურ განცხადებად:
1. ვტოვებ პარტია ენმ-ს.
2. ვტოვებ ენმ პოლიტსაბჭოს.
3. ვტოვებ ენმ ქალთა ორგანიზაციის თბილისის თავმჯდომარის პოზიციას.
4. ვტოვებ ენმ ქალთა ორგანიზაციის საბჭოს.
ვარსკვლავებს და თანავარსკვლავედს ებარებოდეთ, ჩემზე არ იდარდოთ
პ.ს. დიდი ბოდიში მანამდე დასახელებულ კანდიდატებთან, ცხადია მატერიალურ- ინფრასტრუქტურული რესურსი ორ კანდიდატთანაა თავმოყრილი,(ჩემთვის ორივე კატასტროფაა) მრავალფეროვნებაც ანტურაჟისთვისაა, რეალურად კი ეს მასკარადი უკავშირდება გავლენის მოპოვებას- ვინ დაწერს 2024 სიებს.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მიშა თავის თავს თვითონ გამოიხსნის, ყალბი გულშემატკივრების დახმარების გარეშე" – წერს მარიკა დათუკიშვილი.