ჩვენი პირველი ამოცანაა, რომ პურის ფასი მნიშვნელოვნად არ გაძვირდეს - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამ თვეში 25 ათას ტონაზე მეტი ხორბალია შემოსული, წისქვილკომბინატებმაც აღადგინეს მუშაობა.
„ჩვენ ვაკვირდებით, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი ცვალებადია, მზარდი დინამიკა იყო გაზაფხულიდან ზაფხულის პერიოდამდე. აქტიურად არ ჩავერიეთ ამ პროცესში, რადგან ჩარევას, სავარაუდოდ, პურის ფასის გაძვირება მოჰყვებოდა. მაქსიმალურად შევძელით, რომ შეგვენარჩუნებინა პურის ფასი. შემდეგ, კლებასთან ერთად დავინახეთ, რომ გარკვეულ კატეგორიაზე 10 თეთრით შემცირდა პურის ფასი. ახლა ვხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს.
იმედია, უკრაინიდან შესაძლებელი გახდება ხორბლის გატანა. ვაკვირდებით ამ პროცესს და თუ საჭირო იქნება სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა იმისთვის, რომ დავეხმაროთ სექტორს, ამას განვახორციელებთ. ჩვენი პირველი ამოცანაა, რომ პურის ფასი არ გაძვირდეს მნიშვნელოვნად.
ამ თვეში 25 ათას ტონაზე მეტი ხორბალია შემოსული და წისქვილკომბინატებმაც აღადგინეს მუშაობა. ვაკვირდებით პროცესებს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რამდენად შესაძლებელი იქნება ხორბლის შემოტანა ქვეყანაში, აქედან გამომდინარე სექტორთან ერთად მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მოსახლეობისთვის იქნება მისაღები“, - აღნიშნავს შამუგია.
კითხვაზე, „რა სახის შეიძლება იყოს ეს ჩარევა, კვლავ სუბსიდიის სახით, თუ გაქვთ სხვა გეგმა“, ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ კონკრეტულად ახლა ვერაფერზე ისაუბრებს.