საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ექნებათ შესაძლებლობა, განიხილონ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც არის ორმხრივ ურთიერთობებში.
"დღეს საქართველოში ველოდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტს. როგორც ცნობილია, საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა, კეთილმეზობლური ურთიერთობები. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ექნებათ შესაძლებლობა, ერთი მხრივ, განიხილონ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გვაქვს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში არის ძალიან ფართო სპექტრი საკითხების და სწორედ დღევანდელი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იქნება შესაძლებლობა ამ საკითხების განხილვის. მეორე მხრივ, რეგიონული გამოწვევების ფონზე მეორე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც განიხილება, არის ის, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს ორმა სახელმწიფომ ჩვენს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა და ყველა ის საკითხები, რომელიც მრავალმხრივ ფორმატებში და რეგიონული გამოწვევების ფონზე არსებობს”, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
სამუშაო ვიზიტის დროს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს 14:00 საათზე, "შატო მუხრანში" გააკეთებენ.