მზად ვარ, კანონის წინაშე სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი, თუკი ჩემი თუნდაც მცირედი ბრალეულობა  გამოიკვეთება - კახა კალაძე

19 ოქტომბერი 2022, 12:21 395 ნახვა

რამდენიმე დღის წინ, გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, მე პირადადაც მზად ვარ, თუკი ჩემი თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება, სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი კანონის წინაშე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე კითხვებს პასუხი უნდა გასცეს გამოძიებამ.

„რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს, ამ კითხვას გამოძიებამ უნდა უპასუხოს, რომელთანაც ჩვენი მთელი უწყება თანამშრომლობს. დაკავებულია ცხრა პირი, მათ შორის მერიის თანამშრომელი. არ მაქვს არანაირი უფლება, შევაფასო საგამოძიებო პროცესი. კანონის წინაშე ყველა პასუხისმგებელი და თანასწორია. ერთი რამ, რაც მინდა ვთქვა, კანონი ვერ იქნება ვერც ზედმეტად ლმობიერი და ვერც ზედმეტად მკაცრი ვინმეს მიმართ.

რამდენიმე დღის წინ, გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, მე პირადადაც მზად ვარ, თუკი ჩემი თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება, სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი კანონის წინაშე. ჩვენთვის, მტკივნეულია, რომ ბრალდებულთა შორის არის მერიის თანამშრომელიც,  მაგრამ სიმართლის დადგენა არის ერთადერთი, რასაც მცირედი შვების მოტანა შეუძლია. მე იმედი, მაქვს სიმართლე დადგინდება ყველას მიმართ და არ დარჩება არანაირი კითხვები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, 13 ოქტომბრის ტრაგიკულმა დღემ სრულად შეცვალა არათუ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დღის წესრიგი, არამედ მთლიანად ქალაქი.

კალაძემ მერიის ყველა უწყებას დაავალა ჩაატარონ ქალაქის მასშტაბით ყველა იმ შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება, რომლის ექსპერტიზაც შპს „მშენექსპერტს“ აქვს გაკეთებული.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი