ბიუჯეტის პირვანდელი ვერსია უკვე წარდგენილია პარლამენტში, რა თქმა უნდა, მოხდება მისი გადამუშავება მას შემდეგ, რაც პარლამენტიდან დაბრუნდება. 5 ნოემბერს მეორე წარდგენა იქნება და შემდგომ დეკემბერში გვექნება ბიუჯეტის საბოლოო განხილვა - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ლაშა ხუციშვილის თქმით, ბიუჯეტის პარამეტრები დაფუძნებულია 5, 5%-იან ეკონომიურ ზრდაზე. მისივე თქმით, საბიუჯეტო დეფიციტი შემცირებულია 2, 8%-მდე.
"ძირითადად, 2 მიმართულებას გამოვყოფდი, რაზეც აღნიშნულ ბიუჯეტში მნიშვნელოვანი თანხები მიემართება. ეს არის სოციალური მიმართულება და უსაფრთხოების მიმართულება. ორივე მიმართულებით მნიშვნელოვანი ზრდაა. პირველი ეს არის სოციალური მიმართულები. იზრდება პენსიები, სხვადასხვა სახის სოციალური დახმარებები. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ზრდა თითოეული კატეგორიის მიმართულებით გაქვს. გარდა ამისა, დაპირებისამებრ, საჯარო სამსახურში ხელფასების მოწესრიგების საკითხი გრძელდება. მომავალ წელსაც 10%-ით გაიზრდება ხელფასები, გარდა პოლიციისა, ჯარისა და უსაფრთხოების სამსახურისა, სადაც მომდევნო წელს ხელფასების ზრდა 20%-ის ოდენობით იქნება.
ასევე მნიშვნელოვანი თანხები არის უსაფრთხოების მიმართულებით გამოყოფილი, რომელიც უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს მიემართება. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ბიუჯეტში კაპიტალური ხარჯების ოდენობას არსებითად არ ვამცირებთ. მომდევნო წელს კაპიტალური დანახარჯები 6 მილიარდ ლარამდე იქნება, რაც მნიშვნელოვანი მაჩვენებელია იმისთვის, რომ ჩვენ საჯარო სერვისები, მათ შორის, საჯარო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ და აღნიშნული თანხიდან ყველაზე დიდი ნაწილი ბუნებრივია, ჩქაროსნულ მაგისტრალზე მიემართება“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ინფლაციის დონემ შემცირება დაიწყო და ძალაშია მოლოდინი, რომ 2023 წლის მეორე კვარტალში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება.
მისივე განმარტებით, ინფლაცია კვლავ მთავარ პრობლემად რჩება და ეს არის ერთ-ერთი მიზეზიც, რის გამოც მსოფლიო ეკონომიკაში მომდევნო წელს რეცესიის მოლოდინი არსებობს.
"რაც შეეხება ინფლაციას, ინფლაცია მთავარ პრობლემად რჩება. სწორედ აქედან გამომდინარეც არსებობს რეცესიის მოლოდინი - როდესაც ინფლაცია მაღალია და მონეტარული პოლიტიკა მკაცრდება მსოფლიოს წამყვან ეკონომიკებში, ეს ხელს უწყობს იმას, რომ ეკონომიკებში რეცესიული პროცესები განვითარდეს. რაც შეეხება საქართველოში ინფლაციის დონეს, ინფლაციის დონემ შემცირება დაიწყო, არა იმ ტემპით, რა ტემპითაც ყველა ვისურვებდით, მაგრამ ძალაშია მოლოდინი, რომ 2023 წლის მეორე კვარტალში ინფლაცია ახლოს უნდა იყოს მიზნობრივ მაჩვენებელთან. ეს ბევრ ფაქტორთანაა დაკავშირებული, მათ შორის იმასთან, როგორ განვითარდება უკრაინაში საომარი ვითარება, ასევე, რა მდგომარეობა იქნება მსოფლიო ეკონომიკაში და რა მდგომარეობა იქნება რეგიონში. ამ მიმართულებით პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია, ეს უჭირს ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტსაც, დღეს არსებული ინფორმაციით, ვფიქრობთ, რომ პროგნოზებს არ შევცვლით - დაახლოებით 2023 წლის მეორე კვარტალია ის პერიოდი, როდესაც ველოდებით ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოებას“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.