„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ, ფუნდამენტური გარდატეხა მოხდა ქვეყანაში, როგორც დემოკრატიული განვითარების მიმართულებით, ასევე ყველა სხვა სფეროში. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.
"ხაზს გავუსვამ ერთ მნიშვნელოვან მიღწევას, ჩვენ გვქონდა მშვიდობის ათი წელიწადი და ჩვენ გვქონდა სუვერენიტეტის ათი წელიწადი. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა პარტნიორს, მაგრამ ვიღებთ სუვერენულ გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყნის და ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად. რა თქმა უნდა, სწორედ ასე გაგრძელდება ჩვენი პოლიტიკის წარმოება. კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმ გარდატეხაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც მივიღეთ ათი წლის წინ ჩვენს ქვეყანაში და მადლობა ქართველ ხალხს, რომელმაც დაამტკიცა სწორედ 2012 წლის პირველ ოქტომბერს, რომ აქვს ამბიცია, იყოს ევროპული ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრი. მადლობა ხალხს სიბრძნისთვის, რომელიც გამოავლინა გასული ათი წლის განმავლობაში.
გვჯერა, ქართული ოცნება ძალიან მალე აუცილებლად ახდება, კეთილდღეობა შევა თითოეულ ოჯახში და საქართველო აუცილებლად გამთლიანდება. ჩვენ დავიბრუნებთ როგორც აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, ასევე ჩვენს აფხაზ, ოს ძმებსა და დებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.
მისივე განცხადებით, თუ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის გარშემო კონსენსუსი არ იქნება, არ მიიღებენ.
„უკრაინამ მიიღო კანონი, რომელიც არავისზე არ არის მორგებული, არც ერთ პოლიტიკოსზე. შემდეგ ეს კანონი ვენეციის კომისიაში გაიგზავნა, მოიწონა და ჩვენ ეს კანონი ვთარგმნეთ და საბაზისო ვერსიად ოპოზიციას შევთავაზეთ. მაშინვე წინააღმდეგობა ერთი მარტივი მიზეზის გამო წამოვიდა – მათ ნახეს, რომ ეს კანონი ბიძინა ივანიშვილს ვერ შეეხება, რაზეც ისინი აქტიურად საუბრობენ, მაგრამ შეეხება მათ წარმომადგენლებს, არაერთ ლიდერს, მათ შორის კეზერაშვილს, რომელიც მედია მფლობელია და პირდაპირ ერევა პოლიტიკურ პროცესებში, ძალიან უხეში ფორმით. განსაკუთრებით, რაც ბოლო დროს ვიხილეთ. მათ ამ კანონის მიღება არ აწყობთ. გუშინ საუბრობდნენ იმაზე, რომ ისეთ კანონს შეიმუშავებენ, რომელიც მორგებული იქნება ივანიშვილზე. ეს თქვეს ღიად და საჯაროდ. ელემენტარულად, ვერ ერკვევიან სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის არსში.
კანონის მიღების დროს ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის ის, რომ არ შეიძლება, ის რომელიმე პიროვნებაზე იყოს მორგებული. როცა ხელისუფლებაში იყვნენ, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს ფეხქვეშ თელავდნენ. ახლა იგივე მიდგომები აქვთ ოპოზიციიდან, რაც არის სამწუხარო მოვლენა. კანონს ვერ მოვარგებთ. ამიტომ, უკრაინული კანონი ავიღეთ, რომელიც ყველამ მოიწონა და ვთავაზობთ, ოპოზიციას. თუ მოინდომებენ ამაში თანამონაწილეობას, მზად ვართ, კანონი მივიღოთ, თუ არა, მაშინ არ მივიღებთ. თუ კანონის მიღების საკითხის გარშემო კონსენსუსი არ იქნება, ჩვენც კანონს არ მივიღებთ. მათ შორის ევროკავშირის ყოფილ ელჩს ნათქვამი აქვს, რომ ეს კანონი არ არის საჭირო. თუ ევროკავშირსაც და ოპოზიციასაც მიაჩნიათ, რომ ეს კანონი არ გვჭირდება, არ მივიღებთ“, – განაცხადა კობახიძემ.