მიხეილ სააკაშვილი ამერიკელმა ადვოკატმა მოინახულა. მასიმო დანგელოს განცხადებით, სააკაშვილთან შესვლის საშუალება ჯერჯერობით არ ეძლევა მის მოსანახულებლად ჩამოსულ ექიმ ჯეიმს ქობის.
„ ჩვენ პირდაპირ ვმუშაობთ აშშ-ისა და უკრაინის საელჩოებთან. ჩვენთან ერთად არის ექიმი ჯეიმს ქობი, რომელმაც მოიგო ნობელის მშვიდობის პრემია. ის ელოდება პრეზიდენტ სააკაშვილის ნახვას. ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს შესვლის დასტური, რომ ვნახოთ პრეზიდენტი სააკაშვილი. საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, რომ ნობელის მშვიდობის ლაურეატი ჩამოვიდა პაციენტის სანახავად და ჯერ კიდევ არ აქვს ამის შესაძლებლობა. ჩვენ ვმუშაობთ, რომ მოვიპოვოთ ნებართვა ექიმი ქობისთვის, რათა შეაფასოს სააკაშვილის მდგომარეობა“, – განაცხადა მასიმო დანგელომ.
მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განმარტებით, უახლოეს დღეებში საქართველოში ჩამოვლენ ექსპერტებიც, რომლებიც სააკაშვილის საქმეში ჩაერთვებიან.
ხაჭაპურიძე სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მოუწოდებს, მან საკუთარი ეგიდით უზრუნველყოს კლინიკა "ვივამედში" ექიმსა და სააკაშვილს შორის შეხვედრა.
„ახლა, რაც შეეხება საექსპერტო დასკვნას, დღეს-ხვალ ჩამოვა ორი ექსპერტი, ერთი ლახანი, მეორეზე გვარის დასახელებისგან თავს შევიკავებ. მესამეზე ხარვეზი დაადგინეს რაღაც და ხვალ შევიტანთ, რომ ოთხშაბათს ან პარასკევს გაიცეს ეს დასკვნა. პრინციპში ამ კვირაში ან იმ კვირის დასაწყისში ბატონ სააკაშვილთან საექსპერტო სამუშაოები დამთავრებული იქნება. დაველოდებით მათ წერილობით დოკუმენტაციას, რომელიც ასევე ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში იქნება, რადგან ძირითადად ეს ექსპერტები საქმის მასალებს და ავადმყოფობის ისტორიას იცნობენ.
მათი ერთადერთი თხოვნა და მოთხოვნა იყო, რომ პირადად შეხვედროდნენ და გაესინჯათ პაციენტი. დოკუმენტები თითქმის მზადაა. ხვალ უნდა შევიდეს ნევროლოგი ბატონი ლახანი. მესამე ექსპერტთან დაკავშირებით ველოდებით პასუხს და მეორე ექსპერტის დასახელებისგან თავს შევიკავებ, ტრავმატოლოგია. რამდენიმე ქართველი ექიმიც ჩაერთო პროცესში და ესეც ამ დღეებში გახდება ცნობილი. ერთი გასტროენტეროლოგი, რომელიც ამერიკიდანაა, ველოდებით ნებართვას ჯანდაცვის სამინისტროდან“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.