ძლიერი წვიმის შედეგად, ქობულეთში ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა. მოსული უხვი ნალექის გამო, მდინარე აჭყვა ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. დატბორილია ბაზრის შიდა და გარე პერიმეტრი.
უხვი ნალექის გამო, დაიტბორა რუსთაველის მე-2 ჩიხში მცხოვრები მოსახლეობის საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და ბაზრამდე მისასვლელი საავტომობილო გზაც, რამაც გადაადგილების პრობლემა შექმნა.
მოვაჭრეების განცხადებით, ბაზრის მიმდებარე ტერიტორია ყოველი წვიმის დროს იტბორება, რაც მათ პრობლემებს უქმნის. მათივე თქმით, მიმართეს ქობულეთის მერიასაც, თუმცა საკითხი დღემდე მოუგვარებელი რჩება. მათივე მტკიცებით, ხშირი დატბორვის მიზეზი მდინარე აჭყვას გაუწმენდავი კალაპოტია.
როგორც ქობულეთის მერიაში განმარტავენ, დატბორვა უხვ ნალექს და მდინარე აჭყვას კალაპოტის სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.
"მუნიციპალიტეტში განვითარებული უხვი ნალექის შედეგად, ქალაქის რიგ მონაკვეთებში დაფიქსირდა დატბორვის შემთხვევები. როგორც მოგეხსენებათ, მდინარე აჭყვას კალაპოტის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ხდება სრულად მიმდებარე არხების გაწმენდაც. სამუშაოების დასრულების შემდეგ, სრულად იქნება აღნიშნული საკითხი მოწესრიგებული", - აცხადებენ ქობულეთის მერიაში.