''ნატო მიესალმება საქართველოს პროგრესს'' - ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. საქართველოში გატარებული რეფორმები, ავღანეთის მისიაში მხარდაჭერა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია ალიანსის გენერალურმა მდივანმა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრსა და მინისტრის მოადგილესთან მოლაპარაკებებისას შეაფასა. ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში ალიანსის სამხედრო კომიტეტის შეხვედრა ტარდება. ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ნატოს სარდლობის სტრუქტურის ფუნქციონალურ შეფასებას, ალიანსის გაძლიერებული თავდაცვისა და შეკავების პოლიტიკასა და სტაბილურობის ინიციატივის განხორციელებას, ასევე რუსეთის საკითხს განიხილავენ. 18 იანვარს შეხვედრები საქართველოდან და უკრაინიდან პარტნიორებთან გაიმართება. ნატო-საქართველოს შეხვედრაზე განიხილება თავდაცვითი რეფორმის მიმდინარეობა და მიღწევები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია.