ასობით გერმანელმა აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ ლუბმინში საპროტესტო მსვლელობა მოაწყო და ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის მილსადენის ექსპლუატაციაში ჩაშვება მოითხოვა. ამ გაზსადენით რუსეთიდან გერმანიაში საწვავის ტრანსპორტირება უნდა მომხდარიყო, თუმცა რუსეთის უკრაინაში სამხედრო შეჭრის შემდეგ ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის პროექტი დაიხურა.
„აამოქმედეთ ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“, „მთავრობა უნდა გადადგეს“ - ამ შინაარსის პლაკატებით ხელში გამოდიოდნენ დემონსტრანტები.
აქციის ორგანიზატორის მარტინ კლაინის თქმით, გერმანია ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა მსოფლიოში და შეუძლებელია მისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტა და მისი გათბობის გარეშე დატოვება, ეს არ არის ნორმალური პირობები და მსგავსი რამ უბრალოდ შეუძლებელია.
აქციის მონაწილეთა წინაშე უკრაინელი ქალთა ჯგუფი გამოვიდა და უკრაინაში რუსეთის ომი გააპროტესტა, თუმცა ისინი ტრიბუნიდან დაცვის თანამშრომლებმა გაიყვანეს.