როჯერ ფედერერმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა

16 სექტემბერი 2022, 11:52 682 ნახვა

ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა ჩოგბურთიდან წასვლის შესახებ განაცხადა. ლეივერის თასი, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება, ბოლო ტურნირი იქნება 41 წლის ჩოგბურთელისთვის. „როგორც ბევრმა თქვენთაგანმა იცის, ბოლო სამი წელი პრობლემები მქონდა ტრავმებისა და ოპერაციების სახით. 24 წლის განმავლობაში 1500 მატჩზე მეტი ჩავატარე. ახლა მივხვდი, რომ კარიერის დასრულების დროა. რა თქმა უნდა, ჩოგბურთს მომავალშიც ვითამაშებ, მაგრამ არა „დიდი სლემის“ ტურნირებზე ან პროფესიულ ტურში“, – დაწერა თავის სოციალურ ქსელში ფედერერმა. „დიდ სლემზე“ ფედერერს 20 ტიტული აქვს მოგებული – ექვსჯერ ავსტრალიის ღია, რვაჯერ უიმბლდონი, ხუთჯერ ამერიკის ღია და ერთხელ – როლან გაროსი. სულ შვეიცარიელის კოლექციაშია 103 ტიტული ერთეულებში და რვა – წყვილებში. სწორედ წყვილებში აქვს მას მოგებული ერთადერთი ოლიმპიური ოქრო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი