მედიის ინფორმაციით, აშშ-ის ორმილიარდიანი დახმარების პაკეტიდან 1 მილიარდი უკრაინას, დანარჩენი კი 18 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს გადაეცემა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტავენ, რომ დახმარება იმ ქვეყნებს გადაეცემათ, რომლებიც „რუსეთის მომავალი აგრესიის ყველაზე დიდი პოტენციური რისკის ქვეშ დგანან“. ასეთია საქართველოც. ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას ესწრება. რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და ქვეყნის საჭიროებები, ასევე აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილება.საკონტაქტო ჯგუფი მხარს უჭერს უკრაინას და გმობს რუსეთის გაუმართლებელ და აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, შეხვედრაზე, რომელსაც ქართული მხარე უკვე მეორედ ესწრება, წარმოდგენილი იქნება უკრაინაში არსებული სიტუაცია და განვითარებული მოვლენები. „ნატოს წევრი და არაწევრი ქვეყნები გამოხატავენ იმ მხარდაჭ ერას, რაც შეიძლება აღმოუჩინონ უკრაინას. რაც დრო გადის, უფრო მეტი ქვეყანა უერთდება ამ ჯგუფს“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინის საკითხზე მიმდინარე შეხვედრასთან დაკავშირებით.