ამერიკის საელჩოს განცხადება "ISFED"-თან დაკავშირებით ჩვენთვის შოკისმომგვრელია - ირაკლი კობახიძე

23 აგვისტო 2022, 11:59 837 ნახვა

ამერიკის საელჩოს განცხადება „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით ჩვენთვის შოკისმომგვრელია. ამ არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით განხორციელდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება, რაც იყო უმძიმესი ფაქტი, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, სამუშაო ჯგუფებში „სამართლიანი არჩევნების“ დაშვებასთან დაკავშირებით.

,,​თქვენ გახსოვთ, რა როლი შეასრულა „პივიტის“ გაყალბებამ იმ პროცესებში, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წარიმართა. რადიკალური ოპოზიციისთვის, „პივიტის“ გაყალბება გახდა ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იმისთვის, რომ საბოტაჟი განეხორციელებინათ. პრაქტიკულად, „ისფედი“ პირდაპირი ფორმით იყო ჩართული იმ რევოლუციურ პროცესებში, რომლებსაც რადიკალური ოპოზიცია მართავდა. ამის შემდეგ, ჩვენ „ისფედს“ ვხედავთ პარლამენტის წინ აღმართულ სცენაზე, საიდანაც გაისმის პოლიტიკური მოთხოვნა მთავრობის გადადგომასთან და ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. ანუ, აქაც, „ისფედი“ რევოლუციური პროცესის უშუალო თანამონაწილედ მოგვევლინა. როდესაც ამ სრული ლუსტრაციის შემდეგ, საელჩო „ისფედს“ უწოდებს ერთ-ერთ ყველაზე სანდო ორგანიზაციას და გამოთქვამს სურვილს, რომ ის ჩაერთოს სამუშაო პროცესში, ეს ჩვენთვის, ბუნებრივია, გასაკვირია. მთელი რიგი ფაქტების გამო, საზოგადოება ისედაც გაურკვევლობაშია - ვერ ხვდება, როგორ შეიძლება, პოლიტიკურ პროცესებში, რადიკალურ პროცესებში ჩართული იყოს ამერიკული დაფინანსებით მოქმედი „ენჯეო“. როდესაც ამას ემატება აშშ-ის საელჩოს ასეთი ტიპის განცხადებები, ბუნებრივია, ეს საზოგადოებაში გაურკვევლობის ხარისხს კიდევ უფრო ზრდის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი