ბოლო 7 თვეში, საქართველოში ყირიმ-კონგოს 42 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ყირიმ-კონგოს შემთხვევები მომატებულია.
"7 თვეში ყირიმ-კონგოს 42 შემთხვევა დადასტურდა. სამწუხაროდ, გვაქვს 2 გარდაცვალება. ლეტალობის მაჩვენებელი 4.7%-ს შეადგენს. ყირიმ-კონგოს დაავადება საქართველოში 2009 წელს გამოჩნდა. ჩვენ ყოველწლიურად გვქონდა 1-10-15 შემთხვევა, წელს კი ყველაზე მეტი - 42 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული.
2009 წლიდან დღემდე ქვეყანაში დაფიქსირებულა ყირიმ-კონგოს 164 შემთხვევა და 21 გარდაცვალება. ზოგადად, გარდაცვალების მაჩვენებელი მთელი ამ წლების განმავლობაში 12.9 პროცენტი იყო. როგორც მოგეხსენებათ, ყირიმ-კონგო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადებაა. ეს არის ჰემორაგიული ცხელებების ჯგუფიდან, რომელსაც მიეკუთვნება მარბურგის ცხელება, ებოლა და ასე შემდეგ. სხვადასხვა ქვეყანაში, ლეტალობის პროცენტი 10-დან 40%-მდე მერყეობს. ყირიმ-კონგო აფრიკის, აზიის ქვეყნებში, ბალკანეთში, ახლო აღმოსავლეთში, რუსეთსა და თურქეთშია გავრცელებული.
ჩვენთან ენდემურად არის გავრცელებული. ძირითადი გავრცელების რეგიონებია - სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, კერძოდ, ხაშურის მუნიციპალიტეტი. ყირიმ-კონგო ტკიპების საშუალებით სხვადასხვა ცხოველიდან, განსაკუთრებით შინაური ცხოველებიდან გადადის. მისთვის დამახასიათებელია მაღალი ცხელება, პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა, ღებინება, ლორწოვანი გარსების შეწითლება. ასევე, შესაძლოა იყო სიყვითლე, განსაკუთრებით დამახასიათებელია სისხლჩაქცევებით გამონაყარი, წითელი ლაქებით. ასევე, პაციენტს სისხლში მთელი რიგი ცვლილებები აღენიშნება. დიაგნოზი ძირითადად „პისიარ“ ტექნოლოგიით დგინდება პირველი 6-7 დღის განმავლობაში. ამას ჩვენ დღეს ვატარებთ ლუგარის კვლევით ცენტრში, შემდგომ კი სეროლოგიურად ვიკვლევთ. ძირითადად, მკურნალობა აუცილებელია სტაციონარში", - აღნიშნავს გამყრელიძე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.