უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში რუსი ოკუპანტებისგან ანდრეევკა და ლოზოვოე საბოლოოდ გაასუფთავეს. უკრაინული მედია წერს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ანდრეევკაში ოკუპანტების წინააღმდეგ ოთხი ავიაიერიში განახორციელეს, განადგურებულია რუსების ოთხი პუნქტი.
„ანდრეევკა საბოლოოდ გათავისუფლებულია რუსული ოკუპაციური ძალებისგან, ისევე როგორც ლაზოვოე, რომელიც ჩვენმა არმიამ საბოლოოდ გაათავისუფლა რუსებისგან“, – ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ოკუპირებულ ხერსონში აფეთქებების ხმა ისმის. ადგილობრივი ტელეგრამარხების ინფორმაციით, შესაძლოა დანგრეული იყოს ანტონოვსკის ხიდი.
გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. ხარკოვზე მორიგი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც სულ მცირე 6 ადამიანი დაშავდა. ქალაქის მერის თქმით, თავდასხმის სამიზნე ქალაქის ინდუსტრიული ობიექტები იყო. თავდასხმას მსხვერპლი და ხანძარი არ მოჰყოლია.