ყალბი 500 ევროიანების შეძენისა და გასაღებისთვის ორ პირს 7 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

17 თებერვალი 2020, 15:55 414 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა და გასაღების ფაქტზე ერთი პირი, ხოლო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ გასაღების მიზნით, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შეძენა და შენახვის ფაქტზე ბრალდებული ასევე ერთი პირი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, დადასტურდა, რომ უკრაინის მოქალაქეებმა წინასწარი შეთანხმებით შემდგომი გასაღების მიზნით შეიძინეს და ინახავდნენ 20 ცალ ყალბ 500 ევროიან კუპიურას.

2019 წლის 15 მაისს, ერთ-ერთმა ბრალდებულმა თბილისში, ოთხ სხვადასხვა სავალუტო ჯიხურში, მოლარეებზე გაასაღა ორ-ორი ცალი ყალბი 500 ევროიანი კუპიურა, რაც ამოღებულია. ხოლო იმავე დღეს ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკისას დამატებით ამოღებულია კიდევ ორი ცალი ყალბი 500 ევროიანი კუპიურა.

გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ მეორე ბრალდებულმა  შემდგომი გასაღების მიზნით შეიძინა და 2019 წლის 15 მაისის ჩათვლით ინახავდა 10 ცალ ყალბ 500 ევროიან კუპიურას.

სამართალდამცველების მიერ საერთო ჯამში  ამოღებულ იქნა 10 000 ევროს ოდენობის 20 ცალი ყალბი 500 ევროიანი  კუპიურა.

სამართალდამცველებმა  ბრალდებულები 2019 წლის 15 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ  უცხო ქვეყნის მოქალაქეები დამნაშავედ ცნო  წარდგენილ ბრალდებაში  და ორივეს სასჯელის  სახედ  და  ზომად  7 წლით და 6 თვით  თავისუფლების  აღკვეთა   განუსაზღვრა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში