1.38 თეთრი უფასო სასადილოში ერთი ადამიანის გამოსაკვებად - აჭარაში ბენეფიციარზე ყველაზე ცოტას ბათუმი ხარჯავს 

06 დეკემბერი 2019, 23:47 1022 ნახვა

აჭარის მუნიციპალიტეტებს შორის სოციალურად დაუცველის კვებაზე, ყველაზე დაბალი ტარიფი ბათუმს აქვს დაწესებული. მერიის გადაწყვეტილებით, ერთი ბენეფიციარის გამოსაკვებად 1 და 38 თეთრი საკმარისია. შუახევში ერთი ბენეფიციარის 2 94 თეთრია გათვალისწინებული, ხულოში 2, 50 თეთრს ხარჯავენ, თითქმის ამდენივეს ხელვაჩაურში, ქობულეთში კი თანხა შედარებით დაბალია და ის 1.76 თეთრს შეადგენს. 

 2019 წლის ნოემბრის მონაცემებით, ბათუმის უფასო სასადილოებით 5182 ბენეფიციარი სარგებლობს. გასულ წელთან შედარებით 354 ადამიანით მეტს დასჭირდა სახელმწიფო დახმარება. ეს იმ კატეგორიის ოჯახებია, რომლებსაც სადილის გაკეთების ფინანსური რესურსი არ აქვთ და სახელმწიფო მათ ერთჯერადი საკვებით ეხმარება. 

მოქალაქეები, რომლებიც მერიის პროგრამით სარგებლობენ აჭარის მაუწყებელთან ამბობენ, რომ საკვები არასაკმარისია. ხშირად უფროსები საკუთარ ულუფას ბავშვებს უთმობენ, პატარები მშივრები რომ არ დარჩნენ. 

''სამ სულიანი ოჯახისთვის, სადაც პატარა ბავშვიც გვყავს, დღის ორ საათზე ე.წ. გულიაჟს (მოხარშული წიწიბურა ხორცით) წვნიან, კომპოტს და ერთნახევარ პურს გვაძლევენ. სწორედ ეს ულუფა ოჯახის სამივე წევრს მეორე დღის ორისნახევრამდე უნდა გვეყოს. ვინაიდან ოჯახში ბავშვი გვყავს ხორციან წიწიბურას მთლიანად მას ვუთმობთ, იმისთვის, რომ შვილს საკვები მეორე დღემდე ეყოს. ან მაგალითად, ერთ სულზე ერთი სოსისია გათვალისწნებული, ერთხელ ვიღაცა ქალს ერთით ზედმეტი გადააყოლეს და ავტობუსის გაჩერებამდე მისდევდნენ. სოსისი კი გამოართვეს მაგრამ ქალს დიაბეტი ჰქონდა და ინერვიულა, არ მომიპარავს თქვენ გადმომაყოლეთო. მოკლედ შეუძლოდ გახდა,''- ყვებიან ბენეფიციარები. 

ბათუმის მერიაში კი ირწმუნებიან, რომ დღის მენიუ ჯანდაცვის სამსახურის სპეციალისტების მიერაა შედგენილი და გათვალისწინებული ყველა პირობა, რაც შეიძლება არსებობისთვის საკმარისი იყოს.  

 

საგამოძიებო ფილმი აჭარის მაუწყებლის ეთერში გავიდა. უფრო ვრცლად ნახეთ ლინკზე

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში