ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმასთან დაკავშირებით, შეხვედრებს აგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პარლამენტში დღეს რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა თემაზე: „ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმა საქართველოში: შედეგები და გამოწვევები“. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ როგორც თბილისის, ასევე მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში არსებული კლინიკების წარმომადგენლები.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და სამინისტროს სტრუქტურების წარმომადგენლები, გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „ძლიერი საპარლამენტო ინსტიტუციები საქართველოში“ ხელმძღვანელი ნინი სარიშვილი.
შეხვედრაზე განსახილველი მთავარი საკითხი ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმა იყო, რომელიც ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსებას ეხება, კერძოდ, დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების მოდელს.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელიც ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო სექტორში. ამგვარად, საქმე გვაქვს დაფინანსების ახალ სისტემასთან, რომელიც აპრობირებულია მთელ მსოფლიოში, რომელსაც ახლავს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. ასეა ჩვენს ქვეყანაშიც. რეგლამენტის თანახმად, საზედამხედველო საქმიანობიდან გამომდინარე, კომიტეტმა გადაწყვიტა აღნიშნული ფორმატის შეხვედრების გამართვა, რათა გავიგოთ რა გამოწვევების წინაშე არიან კლინიკები. რის გაკეთება შეიძლება პრობლემების აღმოსაფხვრელად, რათა საბოლოოდ დაცული იყოს როგორც პაციენტის, ასევე ექიმებისა და სამედიცინო ბიზნესის წარმომადგენლების უფლებები“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, თუკი გადაწყვეტილებების შემუშავების პროცესში სექტორი აქტიურად იქნება ჩართული, ეს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება დარგს, ამიტომ მსგავსი შეხვედრები მთავარი საწინდარი იქნება იმისა, რომ რეალურად სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ კი დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსების მოდელის დანერგვაზე, ზოგადად პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრა.
კლინიკების წარმომადგენელთა მონაწილეობით დისკუსია გაიმართა. გამომსვლელებმა, ერთი მხრივ, დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსების მოდელის სიკეთეებზე ისაუბრეს, მეორე მხრივ, რეფორმის პროცესში წამოჭრილ პრობლემებზე, კლინიკების წინაშე მდგარ გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება და ხელისუფლების წარმომადგენლებს მათი გადაჭრის გზების შესახებ საკუთარი შეხედულებები გააცნეს.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ დარგის წარმომადგენლებთან ინტენსიური კომუნიკაციის აუცილებლობაზე, რათა ერთობლივად დასახონ პრობლემების გადაჭრის გზები და მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილებები ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსებასთან დაკავშირებით.
როგორც ზაზა ლომინაძემ განაცხადა, ამ ფორმატში შეხვედრები მთელი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში გაგრძელდება.
შემდეგი შეხვედრები რეგიონებში გაიმართება. კომიტეტის წევრები და სამინისტროს წარმომადგენლები ყველა იმ სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებს შეხვდებიან, რომლებიც ჰოსპიტალურ სერვისში დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსების მოდელის დანერგვისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებში მონაწილეობენ.
ღონისძიება პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „ძლიერი საპარლამენტო ინსტიტუციები საქართველოში“ მხარდაჭერით, გაიმართა.