"ვფიქრობთ, აჭარის ტელევიზიაში თავისუფალი სიტყვა დასრულდა"- მაუწყებელთან გვირგვინი მიიტანეს 

22 ნოემბერი 2019, 18:31 1296 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივის" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, აჭარის ტელევიზიასთან ყვავილების გვირგვინი მიიტანეს.

"მიგვაჩნია, რომ აჭარის ტელევიზიაში თავისუფალი სიტყვა და აზრი დასრულდა. ვფიქრობთ, რომ აჭარის ტელევიზია დღეიდან გააშუქებს მხოლოდ ბიძინას და ''ქართული ოცნებისათვის'' მისაღებ ინფორმაციას" - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდა. მას ნდობა მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა გამოუცხადა, ერთი ბიულეტენი კი გაბათილდა. გამარჯვებული მეორე ტურში გამოვლინდა. 

პირველი კენჭისყრის დროს ხმები სამ კანდიდატს შორის გაიყო. ორი ხმა გიორგი კოხრეიძემ მიიღო, ერთი ფირუზ ბოლქვაძემ, ერთიც მაია მერკვილაძემ. 

აჭარის ტელევიზიის დირექტორის პოსტი ვაკანტური 2019 წლის 19 აპრილს გახდა, მას შემდეგ რაც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი განხორციელდა. 

მრჩეველთა საბჭოს ძველმა შემადგენლობამ, სამი კონკურსი ჩაატარა და გამარჯვებული ვერ გამოავლინა. მეოთხე კონკურსი კი ბოლო შანსი იყო, ძველი შემადგენლობის მრჩეველთა საბჭოს აერჩია მაუწყებლის დირექტორი, რადგან 4 მრჩეველს უფლებამოსილება უმთავრდებოდა. 

მეოთხე კონკურსი ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით შეჩერდა. რის გამოც, ისე დაუსრულდა უფლებამოსილება მრჩეველთა საბჭოს წევრებს, რომ დირექტორი ვერ აირჩიეს. 

მედია ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ პროცესი სასამართლოს დახმარებით ხელოვნურად გაჭიანურდა, ვინაიდან ძველი მრჩეველთა საბჭოს წევრებს ვერ აარჩევინეს ის კანდიდატი, რომელიც სჭირდებოდა ხელისუფლებას. წინა კონკურსების დროს, საბჭოს უკვე ყოფილი წევრები აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, რომ ორი საბჭოს წევრი სისტემატიურად სახელისუფლებო კანდიდატს უჭერდა მხარს და სამი წევრს ჰქონდა შანსი, მაუწყებლის დირექტორად აერჩიათ პირი, რომელიც დამოუკიდებელი იქნებოდა პოლიტიკური გავლენებისგან. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში