დააკავეს დედა, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა - შსს

12 ნოემბერი 2019, 11:05 4062 ნახვა

პოლიციამ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით მშობელი დააკავა. პოლიციამ 35 წლის ქალი თბილისში აიყვანა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი არასრულწლოვან შვილებს - 2006 წელს დაბადებულ მ.უ.-ს და 2007 წელს დაბადებულ ნ.უ.-ს უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დედა ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით, შვილებს მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. იმ შემთხვევაში, თუ მოზარდები საკმარის თანხას არ შეაგროვებდნენ, ფიზიკური ანგარიშსწორებით და სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა.

სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ასევე, ფოტო გადაღება და ფარული სატელეფონო მიყურადება, რითაც ბრალდებულის მიერ არასრულწლოვანი შვილების სისტემატური შრომითი ექსპლუატაცია დადასტურდა.

დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში