ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია დააკავეს

08 ნოემბერი 2019, 17:27 2696 ნახვა

ფოთის ყოფილი მერი და საკრებულოს ახლანდელი თავმჯდომარე ირაკლი კაკულია დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. პოლიციამ სულ 4 პირი აიყვანა რომელთაგანაც სამი მოქმედი, ერთი კი ყოფილი საჯარო მოხელეა.

გამოძიება მათ, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარებას, სახელმწიფო ქონების გაფლანგვას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავება. 

'' გამოძიებით დადგენილია, რომ 2015 და 2017 წლებში, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაფორმდა 2 ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ქალაქ ფოთში, მალთაყვის უბანში, სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას. სამუშაოების მიმდინარეობისას, კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელებს შესრულებული სამუშაოების აქტებში - საანგარიშსწორებო დოკუმენტებში შეჰქონდათ ყალბი, გაზრდილი მონაცემები შესრულებული სამუშაოების მოცულობებთან დაკავშირებით, რა გზითაც, ისინი მოტყუებით ეუფლებოდნენ სახელმწიფო სახსრებს. საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზებით დადგენილია, რომ ერთ შემთხვევაში მოტყუებით დაუფლებულია 439 892 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში 88 929 ლარი, ჯამში 528 821 ლარი.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, არ ახდენდნენ შესაბამის რეაგირებას სამუშაოების მწარმოებელი კომპანიების მხრიდან არსებულ დარღვევებზე და ხელმოწერით ადასტურებდნენ შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებს, რითაც ხელს უწყობდნენ კომპანიების ხელმძღვანელებს თაღლითური გზით თანხების დაუფლებაში. ასეთი სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ, თავის მხრივ, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელმა თანამდებობის პირმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, სამუშაოების შემსრულებელს, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა თანხა - ჯამში 170 000 ლარის ოდენობით'' - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში