თურქეთი საზღვრთან უსაფრთხოების ზონის შექმნას ცდილობს, სადაც ლტოლვილებს დააბრუნებს - ზურაბ ბატიაშვილი

10 ოქტომბერი 2019, 22:39 480 ნახვა

თურქეთმა სირიაში საჰაერო და სახმელეთო შეტევა დღეს დილით დაიწყო. უკვე ვრცელდება ინფორმაცია ათობით მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ. სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებენ, როგორც ამერიკაში ასევე თურქეთში. რეჯებ ტაიპ ერდოღანი ევროპას ახალი მიგრაციული ტალღის შესახებ აფრთხილებს. ტრამპი კი, თავად თურქეთის მმართველს. 

აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილის განცხადებით, თურქეთი საზღვრის სიახლოვეს უსაფრთხოების ზონის შექმნას ცდილობს. აქვს კიდევ ერთი მიზეზი, მას სურს სირიაში დააბრუნოს ლტოლვილები, რომლებიც თურქეთში შევიდნენ. მათი რჩენა კი, სახელმწიფოს მილიარდობით ლირა უჯდება. 

''თურქეთი მრავალი წლის განმავლობაში, ქურთისტანთა მუშათა პარტიას განიხილავს ტერორისტულ ორგანიზაციად, ისევე როგორც ევროკავშირი და შეერთებული შტატები, ხოლო სირიაში მოქმედ პროქურთულ ხალხთა დაცვის ნაწილებს მის გაგრძელებად მიიჩნევს. ამ შემთხვევაში მთელი წინააღმდეგობა იმაში მდგომარეობდა, რომ შეერთებული შტატები  სირიაში ბრძოლების დროს ამ ნაწილებს ეყრდნობოდა, როდესაც იგი ე.წ ისლამურ სახელმწიფოს ებრძოდა. ამ ნაწილებს აიარაღებდა, წვრთნიდა, მაგრამ შემდგომში სიტუაცია დაიძაბა. 

თურქეთი ცდილობს შექმნას უსაფრთხოების ზონა მისი საზღვრის სიახლოვეს, 32 კილომეტრში, სირიის ტერიტორიაზე. თურქეთის გადმოსახედიდან  უსაფრთხოების პრობლემას მოხსნის, თუ ეს ნაწილები მის  საზღვარს მოშორდება და მეორე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, იგი გეგმავს  ლტოლვილების დიდი ნაწილის, დაახლოებით ორი მილიონი ადამიანის იქ დასახლებას, ანუ დაბრუნებას მათ სამშობლოში, სირიაში. 

თურქეთში მრავალი პრობლემა შეიქმნა სირიელ ლტოლვილებთან დაკავშირებით, რომელთა რჩენას დღემდე,  დაახლოებით, 40 მილიარდი ამერიკული დოლარი დაჯდა. ალბათ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით თურქეთმა გუშინ დაიწყო ტერიტორიის საჰაერო და საარტილერიო დამუშავება და შემდეგში გვიან საღამოს უკვე სახმელეთო ოპერაცია ვიხილეთ, რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება'' - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ზურაბ ბატიაშვილმა. 

აღმოსავლეთმცოდნე ამბობს, რომ დღეს შეერთებული შტატებიდან რამდენიმე ურთიერთ გამომრიცხავი განცხადება გაკეთდა. ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ ერდოღანი წითელ ხაზებს გადაკვეთს და რაიმე ისეთს გააკეთებს, რასაც თავად ზედმეტად მიიჩნევს, იგი თურქეთს ეკონომიკურად გაანადგურებს. 

ზურაბ ბატიაშვილის თქმით, არავინ იცის რას ნიშნავს ტრამპისთვის წითელი ხაზები.

''თეთრი სახლის მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ ძალიან მალე დაიწყება სამხედრო ოპერაცია, აქედან გამომდინარე შეერთებული შტატების სამხედრო მოსამსახურეები დაწიეს სამხრეთის მიმართულებით, რათა უშუალოდ სამხედრო მოქმედებებში აღარ მოხვედრილიყვნენ. შემდეგ იყო იგივე ტრამპის მეორე განცხადება რომ თუ მისი თვალსაზრისით თურქეთი წითელ ხაზებს გადალახავს, მაშინ მას  ეკონომიკურად გაანადგურებს. ამ შემთხვევაში ზუსტად არავინ იცი რას მიიჩნევს ტრამპი წითელ ხაზებად, თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ თურქეთის ეკონომიკაზე ეს შეიძლება ძალიან ცუდად აისახოს. ისევე როგორც შარშან, როდესაც თურქეთის წინააღმდეგ ამერიკამ სიმბოლურ სანქციები დააწესა, მაგრამ თურქეთის ეკონომიკას მაშინ სერიოზული ზიანი მიადგა, იგივე თურქულ ლირას, რომელიც შემდეგში ბუნებრივად აჰყვა ქართული ლარი'' - თქვა ზურაბ ბატიაშვილმა. 

სირიაში სამხედრო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. უცხოური მედიის ინფორმაციით, თურქეთის ავიაციამ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 181 სამიზნე ობიექტი დაბომბა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში