დააკავეს ქალი, რომელმაც ქუჩაში მცირეწლოვანი ბავშვი დანით დაჭრა - სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა

28 აგვისტო 2019, 08:25 14400 ნახვა

პოლიციამ 1968 წელს დაბადებული ქალი დააკავა, რომელმაც თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვან ბავშვს ქუჩაში ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენა.

ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც მოულოდნელად ქალი თავს დაესხა, შემდეგ ქალი მეორე ბავშვზეც გაიწია, თუმცა მამამ მოასწრო რეაგირება.

ქალი თავდასხმის შემდეგ მშვიდად ტოვებს დანაშაულის ადგილს, მას მამა გაედევნა, თუმცა ის ბასრი დანით იგერიებს.  მცირეწლოვან ბავშვს დაზიანებები სახის არეში ჰქონდა მიყენებული, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

,,პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილია კლინიკაში. აღენიშნებოდა საკმაოდ ღრმა ნაკვეთი ჭრილობები ცხვირისა და მარჯვენა ლოყის მიდამოში. მომზადდა ქირურგიული ჩარევისთვის. ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა; აღნიშნული ჭრილობები გაიკერა. ამჟამად მისი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და მზადდება პალატაში გადასაყვანად. დღეს დარჩება და გავწერთ მაშინ, როცა მისი მდგომარეობა იქნება დამაკმაყოფილებელი“, – განუცხადა პირველ არხს ნათია ვასაძემ.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ, წინასწარი შეცნობით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში