36 სართულიანი სახლი აღარ აშენდება, შეიძლება ძველი აღადგინონ და ოჯახები უკან დააბრუნონ

10 ივლისი 2019, 23:42 6570 ნახვა

გორგილაძის #116 მდებარე ორ სართულიან სახლს კომპანიამ, შეიძლება პირველსახე დაუბრუნოს და 30-მდე ოჯახი უკან დააბრუნოს. ისინი დაახლოებით ერთი წელია ქირით ცხოვრობენ და ახალი კორპუსის აშენებას ელოდებიან. 

ინვესტორს სურდა სახლი, სადაც გასულ საუკუნეში ბრიტანულ ჯარებს ჰქონდათ ბინა დაენგრია და მის ნაცვლად 36 სართულიანი კორპუსი აეშენებინა. 

კომპანიამ სამშენებლო ობიექტის მომზადება ისე დაიწყო, რომ მერიისგან მშენებლობის ნებართვა მიღებული არ ჰქონდა. ტერიტორია კაპიტალური ჯებირით შემოსაზღვრა, სახლზე მოხსნეს ფანჯრები, კარები, სახურავის ნაწილი. ინვესტორს სახლის ეზოში მრავალწლოვანი ნარგავები არ მოუჭრია. 

რამდენიმე თვეა ობიექტზე მუშები არ გამოჩენილან და პროცესი შეჩერებულია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბათუმის მერიას დაუკავშირდა. გვითხრეს, რომ MJM Group-ს მშენებლობის ნებართვა ისევ არ მიუღია. 

''კომპანიამ პროექტის მიღებაზე მერიას 2017 წლის სექტემბერში მიმართა,  ოქტომბერში კი პროექტი შეთანხმდა. 2018 აგვიტოში K2 ცვლილება მოითხოვა, რაზეც ზონალურმა საბჭომ უარი უთხრა. 2018 დეკემბერში კომპანიამ სამშენებლო ჯებირის უკანონოდ მოწყობის გამო გაფრთხილდება მიიღო. 14 დეკემბერს ღობის მოწყობის ნებართვაზე მიმართა და 18 დეკემბერს მიიღო. ერთი წელი აქვს ვადა ღობე ქონდეს'' - გვითხრეს მერიის პრესამსახურში. 

მაუწყებელმა MJM Group- საც ჰქოკითხა, გეგმავდა თუ არა ინვესტორი ახალი პროექტის შეტანას და როდის?  კომპანიაში ამბობენ, რომ რამდენიმე ვარიანტზე ფიქრობენ. არ არის გამორიცხული ოჯახები ძველ საცხოვრებელში დააბრუნონ. 

''იმაზეც იყო ლაპარაკი, რომ რაც გავაფუჭეთ რესტავრაცია გავაკეთოთ, დავუბრუნოთ ხალხს და შევუშვათ ისევ. ერთხელ შევიტანეთ და მერე აღარ გვიცდია. ახალი რეგულაციები შეეხო, სართულების დამატებაზე იყო ლაპარაკი. ზუსტად არ მახსოვს რამდენ სართულიანის აშენებას ვითხოვდით. მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით. ახალი პროექტის შეტანის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს, თუმცა გამორიცხული არაფერია'' - ამბობს ვახტანგ ღოღობერიძე, რომელიც კომპანიის დირექტორია. 

ბოლო 5 წლის განმავლობაში, გორგილაძის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთში, რამდენიმე მრავალსართულიანი კორპუსი აშენდა. 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში