საზოგადოება ''ბათომი''- ''ლაშა კომახიძემ გადაამეტა უფლებამოსილებას და დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა''

03 ოქტომბერი 2018, 00:00 8658 ნახვა

საზოგადოება "ბათომი" ქალაქის მერს, ლაშა კომახიძეს კანონის დარღვევასა და უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს და აქციებს აანონსებს. "ბათომის" წევრების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ტერიტორიები, სადაც 9 ცათამბჯენის მშენებლობა უნდა მოხდეს, კომახიძემ თვითნებურად ამოიღო ისტორიული დაცვის ზონის საზღვრებიდან. 

განცხადება რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა, სადაც ორგანიზაცია აქციას აანონსებს: "საზოგადოება ‘’ბათომი’’ ქალაქის მერს ლაშა კომახიძეს საზოგადოების მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს და საპროტესტო აქციებს აანონსებს.

მერმა ისტორიული დაცვის ზონის საზღვრები, რომელიც ძველ უბანს ცათამჯენებისგან დაიცავდა, საზოგადოებას საჯაროდ წარუდგინა, მოგვიანებით თვითნებურად შეცვალა. დაცვის ზონიდან გაქრა ქალაქისთვის ორი უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი სივრცე, ბათუმის რივიერა და დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიები. სწორედ იქ, სადაც 9 ცათამჯენის მშენებლობა იგეგმება.  მათ შორის ერთის, კი 54 სართულიანი სასტუმროს მშენებლობა უკვე დაწყებულია.

საზოგადოება „ბათომი“ მიიჩნევს, რომ ლაშა კომახიძემ გადაამეტა თავის უფლებამოსილებას და დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა  და სასამართლოზე მიმართვას აპირებს. 

(ფოტო:  ორგანიზაცია "ბათომის" მიერ გავრცელებული რუკები. ორგანიზაციის მტკიცებით პირველ ფოტოზე მოცემულია რუკა, რომელშიც  ისტორიული ნაწილის დაცვის ზონაში შედის მიწის ნაკვეთები ცათამბჯენებისთვის განკუთვნილი ტერიტორიები. ხოლო მეორე რუკაზე  საზღვრებიდანაა ამოღებული აღნიშნული ადგილები).  

კანონი დაირღვა მწვანე კონცხის სანაპიროს ერთ ნაწილისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსი საქმიანი ზონით შეეცვალის დროსაც.

გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ 28 სექტემბერს მიიღო, ამით  სამშენებლო კომპანიას საშუალება  მიეცა ორი 28 სართულიანი კორპუსი ააშენოს.

კანონმდებლობის მიხედვით, ტერიტორიაზე ზონის შესაცვლელად მერიას და საკრებულოს ადგილობრივ მოსახლეობასთან საჯარო განხილვა სჭირდება. მწვანე კონცხზე კი ისე შეიცვალა ზონა, მოსახლეობისთვის არაფერი უკითხავთ.   ეს თავად აღიარა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ.

ამ უკანონო გადაწყვეტილებით მწვანე კონცხის ჩაბეტონების შეუქცევადი პროცესი იწყება, რომელიც უნიკალური მწვანე სივრცე და ბათუმის ფილტვებია. 

სანაპირო ზოლისა და ლანდშაპტის დამახინჯების თვალსაჩინო მაგალითი უკვე გვაქვს კვარიათის მაგალითზე, სადაც  მთასა და ზღვას შორის უსახური და უპროპორციო, გარემოსთან შეუსაბამო ბეტონის კორპუსებია აღმართული.

მივიჩნევთ, რომ ეს გადაწყვეტილებები აუარესებს ჩვენს  საცხოვრებელ გარემოს, ვაკრავთ სანაპირო ზოლს, რეკრეაციულ სივრცეს და ქალაქის ისტორიულ კულტურულ ღირებულებას.

შემოგვიერდით, კვირას, 7 ოქტომბერს, ევროპის მოედანზე, 14:00 საათზე.

თვითმართველობის გადაწყვეტილების შესწავლა დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციებმა - „გამჭვირვალობა საქართველომ“, „ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა”, მიიჩნევენ, რომ მაღალია ალბათობა კანონმდებლობა იყოს დარღვეული.  

ჩვენს საპროტესტო აქციებს კი უერთდება „ჰამქარი“ და „მწვანე მუშტი“.  ვიწყებთ ბათუმის დასაცავად - საზოგადოება „ბათომი“  ბათუმელებთან ერთად ამჯერად სანაპირო ზოლისა და რეკრეაციული სივრცეებში ჩინოვნიკების უხეში და მავნებლური ჩარევებით, საზოგადოებრივი სივრცეების მიტაცებას ვაპროტესტებთ" - ნათქვამია პრეს რელიზში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა.

 

 

ამავე კატეგორიაში