სპორტი მთავარში

23 აგვისტო 2017, 00:00 1145 ნახვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა პარიზში მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა 2 მედლით და გუნდური მეოთხე ადგილით დაასრულა. ბრინჯაოს მედლები ნაკრებს რობერტ კობიაშვილმა და რევაზ ნადარეიშვილმა  მოუტანეს, გუშინ მედლამდე ერთი გამარჯვება დააკლდა ევროპის 2-გზის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილს, საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა ნაკრებმა 30 ქულით მსოფლიოს 54 ქვეყანას შორის მეოთხე ადგილი დაიკავა. დღეს დილით პარიზში გაემგზავრა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე 25-26 აგვისტოს იასპარეზებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, საქართველოსა და ირლანდიის ეროვნული ნაკრებების მატჩზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული სრული თანხა  ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებს მოხმარდება. ამ ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ გვერდი ავრცელებს.  მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და ირლანდიის ეროვნულ ნაკრებებს შორის 2 სექტემბერს, 20:00 საათზე დინამო არენაზე გაიმართება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფიზიკური გაყიდვა დინამო არენას სალაროებში 26 აგვისტოდან დაიწყება. დღესდღეობით კი მათი შეძენა ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი, ბილეთების ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია. 

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების და თბილისის საბურთალოს ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი - გიორგი ხარაიშვილი შესაძლოა გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გადაბარგდეს, გავრცელებული ინფორმაციით საბურთალოს კაპიტანს ორი გერმანული კლუბი სთავაზობს კონტრაქტს, თუმცა ინტერესი ბელგიური ფრანგული და ესპანური კლუბებიდანაც არსებობს. სავარაუდოდ ხარაიშვილი ევროპაში აგვისტოს ბოლოს გადავა. მანამდე კი ცნობილი გახდა რომ საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრების მეკარემ - გიორგი ჩოჩიშვილმა პრაღის სლავიასთან 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ქართველი მეკარე ბოლოს შევარდენ 1906 ში და თბილისის საბურთალოში თამაშობდა. თბილისური კლუბი რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ნიჭიერმა ფეხბურთელმა დატოვა, საუბარია ასევე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრ - გიორგი ქოჩორაშვილზე, რომელიც კარიერას ესპანური ჟირონას დუბლშემადგენლობაში გააგრძელებს. ფეხბურთელმა კატალონიურ კლუბთან ორ წლიან საიჯარო ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერა. 

პირეუსის ოლიმპიაკოსისა და ჰოლანდიური ტვენტეს ყოფილი თავდამსხმელი მაიკლ ოლატაინი ს.კ. სამტრედიის ღირსებას დაიცავს, კონტრაქტის თანახმად 21 წლის ნიგერიელი ფეხბურთელი ქართულ კლუბში 2018 წლის ბოლომდე ითამაშებს. კარიერის მანძილზე ოლატაინი ბელგიურ ჰოლანდიურ და ბერძნულ კლუბებში გამოდიოდა. რამდენჯერმე ნიგერიის ასაკობრივი ნაკრების ფორმაც მოირგო. 

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო პლეი-ოფების საპასუხო მატჩები გაიმართა, სადაც ჯგუფურ ეტაპზე გასული  5 გუნდის ვინაობა გაირკვა. სლოვენიურმა მარიბორმა დაძაბულ ბრძოლაში ბეერ შევა მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება არსებობის ისტორიაში მესამედ მოიპოვა. საინტერესო აღმოჩნდა ასევე სევილიასა და თურქული ბაშაქშეჰირის დაპირისპირება, რომელიც ანგარიშით 2-2 დასრულდა. ესპანელები თურქეთში მოგებული მატჩის შემდეგ ერთ ბურთიანი უპირატესობით სარგებლობდნენ, შესაბამისად მომდევნო ეტაპზე სწორედ ისინი გავიდნენ. უხვგოლიანი იყო შეხვედრა ყაზახურ ასტანასასა და სელტიკს შორის . ყაზახებმა შოტლანდიელები 4:3 დაამარცხეს, თუმცა გლაზგოში განცდილი მარცხის შემდეგ ერთ ბურთიანი სხვაობით მოგება საკმარისი არ აღმოჩნდა და ტურნირს გამოეთიშნენ. ფრანგულ ნიცას 3 ბურთიანი ჰანდიკაპით მოგება ჭირდებოდა, თუმცა ნაპოლისთან მატჩი საკუთარ მოედანზეც დათმო  0-2. ხორვატიული რიეკა კი ოლიმპიაკოსთან 0-1 დამარცხდა. ბერძნებმა ორივე მატჩის მოგება მოახერხეს და ჯგუფურ ეტაპზე აუღელვებლად გავიდნენ.  საკვალიფიკაციო პლეი-ოფების მეორე ხუთეულის მატჩები დღეს გაიმართება მოსკოვის ცსკა - იანგ ბოიზი.კოპენჰაგენი -  ყარაბახი, სტიაუა - სპორტინგი, სლავია - აპოელი და ლივერპული - ჰოფენჰაიმი. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა ხუთშაბათს, მონაკოში ჩატარდება. 

კლივლენდიდან ბოსტონში - ენბიეის ერთი ერთი საუკეთესო გამთამაშებელი კაირი ირვინგი კლივლენდ კავალიერსიდან ბოსტონ სელტიკში გადავა. ირვინგი კლივლენდში 2011 წლიდან თამაშობს, 2016 წელს ის გუნდთან ერთად ნბა-ს ჩემპიონი გახდა,  არის ოლიმპიური ჩემპიონი და ოთხჯერ უთამაშია ყველა ვარსკვლავის მატჩში. ირვინგის სანაცვლოდ კლივლენდი აიზეა ტომასს, ჯეი კრაუდერს, ანტე ჟიჟიჩს და 2018 წლის დრაფტის პირველი პიკს მიიღებს. კაირი ირვინგი კი ბოსტონ სელტიკთან ორ წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი