დიდთოვლობა მაღალმთიან აჭარაში

17 თებერვალი 2017, 00:00 3178 ნახვა

ქედაში დიდთოვლობის გამო 12 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა. მიზეზი, როგორც რესურსცენტრის უფროსი განმარტავს,  მოსწავლეთა გამოუცხადებლობაა. დურმიშხან შავიშვილის თქმით გაცდენილი საათები შაბათის ხარჯზე ანაზღაურდება. სააღმზრდელო პროცესი ამავე  მიზეზით არ შედგა საბავშვო ბაღებში. უხვმა ნალექის გამო  გადაადგილება შეფერხებულია შიდა სასოფლო გზებზე. მოძრაობა შეზღუდულია ბათუმი ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის ქედის მონაკვეთზეც. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ინფორმაციით   ცენტრალურ  მაგისტრალზე გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვისაა დასაშვები. გაწმენდით სამუშაოებს ორი ერთეული ტექნიკა ახორციელებს.  ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც უშუქოდაა დარჩენილი მერისის, პირველი მაისის და ოქტომბრის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობა. ასევე სოფელი შავაბური.  მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

ძლიერი ყინვა, ქარბუქი და გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლები- მეორე დღეა ხულოში გადაუღებლად თოვს, თოვლის საფარმა დაბაში ერთს, ხოლო მაღალი ზონის სოფლებში ორ მეტრს მიაღწია. შეფერხებულია სასწავლო პროცესიც. 49 საჯარო სკოლიდან 6 სკოლაში სწავლა არ განახლებულა, სააღმზრდელო პროცესი  კი მხოლოდ 1 ბაღში არ შეწყვეტილა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც შუქი დიდაჭარის 300-მდე აბონენტს არ მიეწოდება. გზის გაწმენდით სამუშაოებს 15 ერთეული ტექნიკა ყველა ადმინისტრაციული მიმართულებით ასრულებს. 

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა შუახევშიც, სადაც მესამე დღეა გადაუღებლად თოვს.  ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება წყალსაყრის, ნაწილობრივ ჭვანის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებს დაახლოებით 200-მდე აბონენტს. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევის მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო მიმოსვლა შეზღუდულია ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრებამდე.  მუშაობს 5 ერთეული ტექნიკა. მიმდინარეობს მრავალწლიანი ნარგავების დაბერტყვა, დაბა შუახევისა და ხიჭაურის დასახლების ქუჩების გაწმენდა, სახურავების გადმოთოვლის სამუშაოები.  43 საჯარო სკოლიდან სასწავლო პროცესი   22 სკოლაში მიმდინარეობს., ბავშვების გამოუცხადებლობის გამო სააღმზრდელო დაწესებულებებში სწავლა შეწყვეტილია. 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი