მშობლების საყურადღებო არანორმატიული ლექსიკა

06 ოქტომბერი 2022, 14:28 1915 ნახვა

მშობლების საყურადღებო არანორმატიული ლექსიკა

სექსი, ძალადობა, ნარკოტიკები, პოლიტიკა, რელიგია თუ უბრალოდ მეამბოხე „ხმაურიანი გამოხტომები“, იყო და რჩება მუსიკაში ცენზურის ძირითად მიზეზად. ნებსით თუ უნებლიეთ, ტაბუდადებული თემების აქტუალიზების, მასების აღშფოთების, აუდიტორიაზე მათი ძალაუფლებისა და ზეგავლენათა შიშის გამო, მუსიკოსები გამუდმებით მიზანში არიან ამოღებულნი... მუსიკალური ცენზურის მიზანია გამოირიცხოს მასალა, რომელიც შესაძლოა ჩაითვალოს მიზნობრივი აუდიტორიისთვის მიუღებლად - პორნოგრაფიიდან დაწყებული ნარკოტიკის მოხმარების პოპულარიზებით დამთავრებული... მსგავსი კომპოზიციები სპეციალურად რედაქტირდება რადიოსა და ტელევიზიით გადასაცემად. ჩვეულებისამებრ, ეს კეთდება იმისთვის, რომ პროდუქტი შეესაბამებოდეს მოქმედ სამაუწყებლო კანონმდებლობას და ეთიკის წესებს, ამასთან სიმღერები ფართო აუდიტორიისთვის უფრო მიმზიდველი და შესაბამისად, უფრო გაყიდვადიც რომ  გახდეს.