ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში" ოფიციალურად წარადგინეს. კვარაცხელიამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი შეკითხვა ეხებოდა მისი რუსეთის ჩემპიონატიდან წამოსვლას.
''რუსეთი იმიტომ დავტოვე, რომ საჭიროება მოითხოვდა და საქართველოში წავედი. ვფიქრობ, ჩემი ქვეყნის გამო სწორი გადაწყვეტილება მივიღე",- განაცხადა ქართველმა ფეხბურთელმა.
კვარაცხელიამ ასევე აღნიშნა, რომ ნეაპოლურ კლუბში ლორენცო ინსინიეს შემცვლელად არ მისულა და გულშემატკივარს თავის ფეხბურთს აჩვენებს.
''ნაპოლი“ ძალიან დიდი გუნდია და აქ იმისთვის მოვედი, რომ დიდი ფეხბურთი ვითამაშო. "ნაპოლი" იმიტომ ავირჩიე, რომ ძალიან კარგი ფეხბურთელები და მწვრთნელი ჰყავს, ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს. როცა შეთავაზება მივიღე, ბევრი არ მიფიქრია'',- აცხადებს კვარაცხელია.
ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლისთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. პირველ ამხანაგურ შეხვედრაში ''ნაპოლის'' მაისურით 45 წუთში, 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.