ბრიფინგი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში 

05 ივლისი 2022, 15:09 1189 ნახვა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  პენიტენციურ დაწესებულებაში, პატიმრებს შორს ჩხუბის დროს მომხდარი მკვლელობის ფაქტი  გახსნა, – ამის შესახებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

ქეთევან თეთრაულის განმარტებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 26 ივლისს, N17-ე პენიტენციური დაწესებულების პატიმარ ი.ჩ-ს, საკანში, ყოფით ნიადაგზე სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა ამავე დაწესებულების პატიმარ შ.ა.-თან, რაც მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მათივე განცხადებით, დანაშაულში მხილებულმა პატიმარმა ჩხუბის დროს, შურისძიების მოტივით, მასთან დაპირისპირებაში მყოფი პატიმარი შ.ა. შებოჭა და მოკვლის განზრახვით, მეტალის კორპუსის მქონე მაგიდასა და იატაკზე ძლიერად დაახეთქა. განხორციელებული ძალადობის შედეგად, პატიმარმა თავის სხვადასხვა არეში  სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და შემთხვევიდან რამდენიმე წუთში,  N17-ე დაწესებულების სამედიცინო პუნქტში, სამედიცინო დახმარების გაწევის მიუხედავად გარდაიცვალა.

„აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 2021 წლის 26 ივლისს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო და ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა, ხოლო 2022 წლის პირველი მარტიდან საქმეზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გააგრძელა. გამოძიების პროცესში დათვალიერებული შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა ბიოლოგიური მასალის ნიმუშები, ანაწმენდები და სხვა ნივთიერი მტკიცებულებები. გამოიკითხა 100-მდე პირი, მათ შორის – სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, პატიმრები, სამედიცინო ექსპერტი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები. ასევე, საგამოძიებო ვერსიის გადამოწმების მიზნით, №17-ე პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. ამავე დაწესებულებაში განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები გამოთხოვილი იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან. ასევე, სასამართლო-სამედიცინო, კომპლექსური გენეტიკურ-ბიოლოგიური, მიკრონაწილაკური, დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური და სამედიცინო – კრიმინალისტიკური ექსპერტიზები ჩატარდა „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში...

მკვლელობის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, ბრალდებული პატიმრის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, გამოტანილია ბრალდების დადგენილება“, – განაცხადა ბრიფინგზე გამომძიებელმა.

ქეთევან თეთრაულის განმარტებით, გამოძიების შედეგად პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხი არ გამოიკვეთა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი