პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 1 პირი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 1975 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი კ.ო. დააკავეს.
პატრულ-ინსპექტორებმა თბილისში, ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან, ასევე, მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო ვაზნები და მჭიდები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლს მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
