მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააღრმაონ ურთიერთობა რამდენიმე ძალიან ახლო პარტნიორთან, ერთ-ერთი მათგანი საქართველოა - ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი

05 ივლისი 2022, 11:56 1518 ნახვა

მადრიდის სამიტზე ნატო-ს მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააღრმაონ ურთიერთობა რამდენიმე ძალიან ახლო პარტნიორთან, რომელიც მათ სამიტზე შეუერთდა, ერთ-ერთი პარტნიორი საქართველოა, – ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვინიკოვმა განაცხადა.

„მოკავშირეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეიძლება, ექვს კატეგორიად დავყოთ. პირველი გახლავთ შეთანხმება მოკავშირეებს შორის, რომ ნატო მოახდენს ფუნდამენტურ ცვლილებას შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკაში, რასაც საფუძვლად დაედება თავდაცვის სფეროს დაფინანსების გაზრდა, ტვირთის გაზიარება და ერთობლივი დაფინანსება. მეორე არის ის, რომ მოკავშირეებმა მიიწვიეს შვედეთი და ფინეთი, რომ ისინი შეუერთდნენ ალიანსს. ამ ორი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება კარგი იქნება როგორც ამ ქვეყნებისთვის, ისე ალიანსისთვის და ზოგადად ევროპული უსაფრთხოებისთვის. ორივე ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების ოქმებს ბრიუსელში დღეს მოაწერენ ხელს. მესამე – ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ხანგრძლივად დაეხმარებიან უკრაინას, რომ უზრუნველყოფილი იყოს უკრაინის უპირატესობა რუსეთის მიერ წამოწყებული არაპროვოცირებული და სასტიკი აგრესიის წინაშე. მეოთხე – ნატო-ს ლიდერებმა წარადგინეს ნატო-ს სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც ადგენს ალიანსის მთავარ პრიორიტეტებს, მთავარ ამოცანებსა და მიდგომებს შემდეგი ათწლეულისთვის. მათ შორის ეს ეხება რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს, ასევე ჩინეთიდან, ისევე როგორც სხვა ასიმეტრიულ საფრთხეებს, როგორიცაა ჰიბრიდული, კიბერსაფრთხეები, ტერორიზმი, ტექნოლოგიები და ა.შ. მეხუთე –  მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააძლიერონ ბრძოლა კლიმატის ცვლილებასთან და ჩამოაყალიბონ ახალი ინოვაციური ფონდი, რაც დაეხმარება ნატო-ს ტექნოლოგიურ დახვეწაში. მეექვსე – ნატო-ს მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააღრმაონ ურთიერთობა რამდენიმე ძალიან ახლო პარტნიორთან, რომელიც მათ სამიტზე შეუერთდა. ცხადია, ერთ-ერთი ასეთი პარტნიორი არის საქართველო, რომელსაც წარმოადგენდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ის სამიტის მეორე სესიას დაესწრო.

მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს საქართველოსთვის რამდენიმე ზომას, ჩვენ მათ პარტნიორებზე მორგებულ ზომებს ვუწოდებთ. საქართველო კი მოგეხსენებათ, არის ნატო-ს ერთ-ერთი პარტნიორი, რომელიც ყველაზე მეტად არის დაზარალებული საგარეო საფრთხეებისა და უსაფრთხოების გარემოში ჩარევით, რაც გამოწვეულია რუსეთის არაპროვოცირებული ომით უკრაინაში. ეს ზომები არის გამოხატულება ნატო-ს მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერისა საქართველოს მიმართ. განსაკუთრებით კი, მისი სუვრენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ასევე გახლავთ ნატო-ს ერთგულების გამომხატველი ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებებისადმი, რომელიც საქართველოს ნატო-ში საბოლოო გაწევრიანებას ეხება. სტრატეგიული კონცეფცია, რომელსაც მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს, ასპირანტი ქვეყნების უსაფრთხოება, მათ შორის საქართველოსი, არის გადაჯაჭვული ნატო-ს მოკავშირეების უსაფრთხოებასთან. ეს კონცეფცია ასევე ადასტურებს ნატო-ს მოკავშირეების ერთგულებას ალიანსის ღია კარი პოლიტიკისადმი და ასევე ბუქარესტის სამიტზე და შემდგომ სამიტებზე მიღებული გადაწყვეტილებების“, – განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა.

ალექსანდრე ვინიკოვის თქმით, საქართველოზე მორგებული ზომების პაკეტი აძლიერებს საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. 

ვინიკოვი აცხადებს, რომ საქართველოსა და ნატო-ს პოლიტიკური დიალოგი გაიზარდა და ეს მტკიცე დიალოგი გაგრძელდება. მისივე განმარტებით, საქართევლოში შედგება საინტერესო და მაღალი დონის ვიზიტები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი