მზაკვრული ნარატივი, რომელიც, „ფეესბეს“ დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდანაა გრძელდება, მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ აშშ არ ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას - კელი დეგნანი

30 ივნისი 2022, 13:12 695 ნახვა

მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ ცდილობს საქართველოს ჩათრევას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომში, აშშ-ს არ სურს, იხილოს ამ ომის გაფართოება არანაირი ფორმით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

„როდესაც ვსაუბრობთ თავდაცვაზე, მინდა, გამოვეხმაურო მზაკვრულ ნარატივს, რომელიც როგორც ჩანს, გრძელდება და როგორც ჩანს, პირდაპირ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდანაა. მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ ცდილობს საქართველოს ჩათრევას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომში. აშშ-ს არ სურს, იხილოს ამ ომის გაფართოება არანაირი ფორმით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მისივე თქმით, აშშ აკეთებს ყველაფერს, რათა ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად შეაჩეროს.

დეგნანის განცხადებით, საქართველო ნატო-ს ძალიან ძლიერი პარტნიორია, ეს გამოჩნდა მაღალი დონის დელეგაციის ვიზიტით მადრიდში, რომელიც დაესწრო ნატო-ს სამიტს.

„ეს იყო ნატო-ს ამოცანის ხელახლა დადასტურება, რომელიც არის თავდაცვითი ალიანსი და ის მიმართულია მშვიდობისა და სტაბილურობის წინ წაწევისკენ ევროპაში და მის ფარგლებს გარეთაც. ეს სამიტი ასევე იყო შესაძლებლობა, საქართველოსთვის განხილულიყო ის ნაბიჯები, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას. ბევრი მათგანი არის ისევ ის რეფორმები, რომელთა განხორციელებასაც ითხოვს ევროკავშირი, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ასე რომ, სამუშაო, რომელიც შესრულდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ წინ წასაწევად, ასევე მოუტანს სარგებელს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესს, რადგან ეს არის იგივე პოლიტიკური და დემოკრატიული რეფორმები. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ნატო არის სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს სამხედრო სტანდარტები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს და ასევე პოლიტიკური სტანდარტებიც, რომლებიც უნდა დააკმაყოფილო. აშშ და მოკავშირეები მზად არიან, დაეხმარონ საქართველოს. ჩვენ უნდა მივაღწიოთ პროგრესს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში