მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავა

13 დეკემბერი 2025, 10:39 103 ნახვა

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.

„კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე. მათ შორის არიან – ირანის, ინდოეთის, ნიგერიის, პაკისტანის, თურქმენეთის, ნეპალის, სიერა ლეონეს, ბანგლადეშის, იორდანიის, ეთიოპიისა და ავღანეთის მოქალაქეები.

 

დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.

 

ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.

 

მიგრაციის დეპარტამენტი სპეციალურ საიმიგრაციო კონტროლს რეგულარულად ახორციელებს, რათა უზრუნველყოს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ეფექტიანი აღსრულება“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი