თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ტურიზმის მიმართულებით აჭარის რეგიონში მნიშვნელოვანი წინსვლაა.
"აჭარის რეგიონში, განსაკუთრებით კი ბათუმში სრულად არის აღდგენილი 2019 წლის ტურისტული ნაკადები, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი გეგმა, რომელიც ტურიზმის აღდგენას ეხებოდა, სრულად მოქმედებს. მაისის თვეში ჩვენ გვქონდა 87%-იანი აღდგენა და უკვე, ივნისის ბოლო დღეების მონაცემების ანგარიშით, სრულად აღდგენილია ტურიზმი აჭარაში. ასევე, ყოველდღიურად იზრდება როგორც აეროპორტების დატვირთვა, ასევე ემატება ახალი საერთაშორისო მიმართულებები, რეისები და ყოველთვიურად 370 საერთაშორისო რეისი შესრულდება ბათუმის აეროპორტში"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
სხდომაზე აღინიშნა ისიც, რომ გაიზარდა აჭარის ბიუჯეტი და ნახევარ მილიარდს მიაღწია, რითაც დამატებითი პროექტები განხორციელდება.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბათუმის ბულვარის განაშენიანებისა და კონსერვაციის გეგმაზე მუშაობა დასრულდა. მისივე განმარტებით, პროექტს მალე განიხილავს ბათუმის საკრებულო, რაც საბოლოოდ გამორიცხავს სამომავლოდ ბულვარში რაიმე სახის ჩარევას.
ბათუმის მერმა ავარიული სახლებთან მიმართებაში დაგეგმილ პროექტზე ისაუბრა.
"ავარიული სახლების ნაწილში, ჩვენ გვაქვს 3 ათასამდე ოჯახი, დაახლოებით 300 მისამართზე, რომელიც შესაბამის პროცედურებს გადის და ამ პროცედურების გავლის შემდეგ უფლებამოსილება ენიჭება მუნიციპალიტეტს მიიღოს გადაწყვეტილებები, კოეფიციენტის ზრდასთან დაკავშირებით, ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქის განვითარებისათვის, მოსახლეობისათვის და ვინც დაზარალებულია ამ მიმართულებით. კერძო სექტორის ნაწილში მნიშვნელოვანია ასევე ხელშეწყობა.
ბათუმის მერია სრულად განაახლებს ავტოტრანსპორტს 60 ერთეული ავტობუსი შეძენილი იქნება ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის, 5 ერთეული ქობულეთისთვის. ქალაქ ბათუმში არსებული ავტობუსების პრობლემა გადაწყდება და უახლოეს პერიოდში ჩვენ განახლებული ავტოტრანსპორტი გვექნება"- განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.