„ქართულმა ოცნებამ“ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წლის განმავლობაში თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო რეჟიმისა და ევროპული პერსპექტივის მიღწევა მოახერხა - პრემიერი

27 ივნისი 2022, 11:28 453 ნახვა

დღეს არის საიუბილეო თარიღი, რვა წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წლის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, არაერთი ხელშესახები შედეგი დადგა - ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმის ამოქმედება და ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარება.

„8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ. ეს მართლაც ისტორიული თარიღია, როცა ქვეყანა ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა და რეალური, ქმედით ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. 8 წლის წინ, მე მქონდა პატივი, ჩვენი ქვეყნის სახელით, ამ შეთანხმებაზე ხელი მომეწერა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის განმარტებით, განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები, მათ შორის, ადამიანის უფლებების სფეროში, პენიტენციურ, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში, ასევე ნოვაციების, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის სფეროებში, საჯარო სამსახურის რეფორმის მიმართულებით, ენერგეტიკის, რეგიონული განვითარების კუთხით.

„რამდენიმე ძირითადი შედეგი მინდა გამოვყო; ამ სამი ძირითადი მიღწევის გარდა, ჩვენ ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს თუნდაც ზოგადად, ევრორეგულაციებისა და ევროდირექტივების შესრულება, დაახლოებით 45%-ია შესრულებული. DCFTA-ს ნაწილში უკვე 50%-ზე მეტი შესრულებული გვაქვს. განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები, როგორი არის ადამიანის უფლებების სფეროში, პენიტენციურ, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში, ასევე ნოვაციების, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის სფეროებში, საჯარო სამსახურის რეფორმის მიმართულებით, ენერგეტიკის, რეგიონული განვითარების კუთხით. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით დამატებითი იმპულსი მიეცა ქვეყანას ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებში მონაწილეობის ეს არის „ერასმუსი+“ „ჰორიზონტი 2020“, „შემოქმედებითი ევროპა“, Frontex, ევროჯასტი, ეს ყველაფერი არის ის, რაც ქვეყანამ ამ მოკლე დროში შეძლო, მოახერხა და მიიღო. ერასმუსის პროგრამაში მონაწილეობის მხრივ, საქართველო იკავებს მეექვსე ადგილს, პროგრამაში მონაწილე 141 ქვეყანას შორის. ეს არის რეალური ინტეგრაცია ევროპასთან და ხელშესახები შედეგი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში