საქართველოს ნაკრებს პლეი-ოფში გასვლის შანსი აქვს

24 ივნისი 2022, 10:03 620 ნახვა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე შეხვედრა გამართა. ბრაზილიასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ქართველი წყალბურთელები მონტენეგროს დაუპირისპირდნენ და უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში 9:10 დამარცხდნენ. მონტენეგრომ პირველი პერიოდი 4:1 მოიგო. მეორე პერიოდში ჩვენებმა კი მეტოქეს 3 ბურთი გაუტანეს და პირველი ტაიმი ფრედ, 4:4 დასრულდა.

მეორე ნახევრის სტარტზე მონტენეგროელები წინ სამი ბურთით გავიდნენ, თუმცა საქართველოს ნაკრებმა ჩამორჩენა ერთ ბურთამდე დაიყვანა. შეხვედრის დასრულებამდე წამებით ადრე, საქართველოს ნაკრები 9:10-ს აგებდა, გათანაბრებაც შეეძლო, მაგრამ ორი ძალიან ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა და საბოლოოდ დამარცხდა. ამავე ჯგუფში უნგრეთმა ბრაზილია 20:6 დაამარცხა.  ორი თამაშის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 1 მოგება და 1 წაგება აქვს.

ჩვენი გუნდი მომდევნო შეხვედრას უნგრეთის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც როგორც ჯგუფის, ისე ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია.

მატჩი 25 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები ჯგუფს სავარაუდოდ მესამე ადგილზე დაასრულებს, რაც მას პლეი-ოფში თამაშის საშუალებას მისცემს, სადაც კიდევ ერთ ევროპულ გრანდს ხორვატიას დაუპირისპირდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი