აჭარაში ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 8 პირი დააკავეს - "ქურდული წესით" ფინანსური დავების გარჩევის საქმეში ფიგურირებს ''ლავასოღლი''

17 ივნისი 2022, 11:26 5778 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში ჩატარებული აქტიური კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავების "ქურდული წესით" გარჩევის ფაქტი გამოავლინეს, "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 8 პირი დააკავეს, ხოლო 1 პირს - ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

''სამართალდამცველებმა ე.წ. კანონიერი ქურდის - რომან ხმალაძის, მეტსახელად „რომა ბათუმსკის“ ძმა და 1978 წელს დაბადებული ზ.თ. - ქურდული სამყაროს წევრობისთვის, ხოლო „დუკა“, ე.წ. კანონიერი ქურდის - ასლან ქობულაძის, მეტსახელად - „ასლან ბათუმსკის“ ძმა და  "ფაჩიჩა", - "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისთვის დააკავეს. გარდა ამისა, ძმები - 1964 წელს დაბადებული ჯ.ბ. და 1968 წელს დაბადებული ჯ.ბ., ასევე, მათი ბიძაშვილი -  რ.ქ. (მეტსახელად "კამო") "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ბრალდებით აიყვანეს. 

რაც შეეხება რ.ზ.-ს (მეტსახელად "ბალუ"), მას „ქურდული სამყაროს" წევრობისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინა'' - აცხადებენ სამინისტროში. 

დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულ ძმებს ერთმანეთთან ფინანსური დავა ჰქონდათ, ხოლო ერთ-ერთ ძმასა და რ.ქ.-ს შორის კი დაპირისპირება წარმოიქმნა მათი საცხოვრებელი სახლების მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით.

მოდავე მხარეებმა დახმარებისთვის  კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართეს. საქმეში ფიგურირებს მინდია ''ლავასოღლიც''. 

,,აღნიშნული დავების გადაწყვეტის მიზნით, ლ. დ. საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს - მინდია ლავასოღლის და მასთან მცხოვრებ კრიმინალურ ავტორიტეტს - რ.ზ.-ს (მეტსახელად „ბალუ“) დაუკავშირდა.

კრიმინალურმა ავტორიტეტებმა ნათესავებს შორის არსებული ფინანსური და ყოფითი დავების მოგვარების და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, რამდენჯერმე მოაწყვეს ე.წ. ქურდული გარჩევა, რომლებსაც ესწრებოდნენ მოდავე მხარეები, კრიმინალური ავტორიტეტები და დისტანციურად მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მყოფი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი - მინდია ლავასოღლი და კრიმინალური ავტორიტეტი - რ.ზ. (მეტსახელად „ბალუ“).''- აცხადებენ სამინისტროში. 

პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა, დიდი ოდენობით ფული და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი