შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში 14 ნარკორეალიზატორი დააკავეს.
უწყების ცნობით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ.
''პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღებისთვის დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - „ჰეროინი“, „ჰეროინის“ შემცველი ფხვნილი, „ალფა პვპ“ და „ბუპრენორფინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული'' - აცხადებენ შსს-ში.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციიით, მიმდინარე წელს, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 88 ნარკორეალიზატორი დააკავეს.