სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ დღევანდელი გადაწყვეტილებით დაამტკიცა ის, რაც ნოემბრის პროკურატურის ბრიფინგით საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, რომ შს მაშინდელი მინისტრის, გიორგი გახარიას მხრიდან არასწორად იყო გაცემული დავალებები, როგორ უნდა მომხდარიყო ასეთი ძალადობრივი აქციის დროს რეაგირება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა საია-ს სარჩელზე სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, პრეცედენტულია, ვინაიდან ზოგადად ადგენს, რომ შტურმის მცდელობისას, სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება, გამოიყენოს ძალა, ხოლო მეორე მხრივ, კონკრეტულად 20 ივნისის საქმეზე შსს-ს მაშინდელი ხელმძღვანელების მიერ ძალის არაპროპორციულ გამოყენებაზე მიუთითებს.
„დღევანდელი გადაწყვეტილებიდან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი უნდა გამოიკვეთოს. დიდმა პალატამ დაადგინა, რომ როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ამ შემთხვევაში პარლამენტზე ხდება თავდასხმა, ასევე სამართალდამცველებზე ხდება თავდასხმა და უფრო მეტიც, შტურმის მცდელობა არის, სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება, გამოიყენოს ძალა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც გამოსაყენებელი იქნება ყველა სხვა შემთხვევაზეც. ასევე, დიდმა პალატამ კონკრეტულად 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა, რომ ეს სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმა, მათ შორის, ცალკეული პოლიტიკოსების მიერ იყო წახალისებული და იმ კონტექსტში ვინც მონაწილეობდა ყველა ამ ძალადობრივ ქმედებაში, სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა შეიძლება, ყოფილიყო ლეგიტიმური. ამასთანავე, დიდმა პალატამ შეაფასა, როგორ უნდა მოხდეს ხოლმე სახელმწიფოს რეაგირება ასეთ დროს, როდესაც შეკრება/მანიფესტაცია მიიღებს ძალადობრივ ხასიათს, ის გახდება უკანონო და 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით ფაქტობრივად დარღვევა დაადგინა იმ ნაწილში, რომ შსს-ს მაშინდელმა ხელმძღვანელებმა არაპროპორციულად გამოიყენეს ძალა მომიტინგეების მიმართ, კერძოდ, დიდი პალატის გადაწყვეტილებიდან დგინდება, რომ დაზიანებები მიღებული აქვს, მათ შორის, იმ ადამიანებსაც, რომლებსაც შესაძლოა, უშუალოდ არ უდასტურდებოდეთ ამ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობა და ეს არის მნიშვნელოვანი მითითება. ფაქტობრივად, დიდმა პალატამ დაამტკიცა დღევანდელი გადაწყვეტილებით ის, რაც ნოემბრის პროკურატურის ბრიფინგით საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, რომ შს მაშინდელი მინისტრის, გიორგი გახარიას მხრიდან არასწორად იყო გაცემული დავალებები, როგორ უნდა მომხდარიყო ასეთი ძალადობრივი აქციის დროს რეაგირება. არ იყო პროპორციული ძალა გამოყენებული და შეიძლება, ითქვას, რომ დიდი პალატის ეს გადაწყვეტილება გარკვეულწილად არის სრულ თანხვედრაში იმასთან, რაც პროკურატურამ უკვე ბრალში გამოკვეთა“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
მისივე თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებიდან ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ დიდმა პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ საქმეში სახელმწიფომ სრულად ითანამშრომლა სასამართლოსთან.
„38-ე მუხლის დარღვევა არ დადგინდა, ანუ ფაქტობრივად ეს ადასტურებს იმას, რომ სახელმწიფო არის აბსოლუტურად გახსნილი, ტრანსფარენტული იმისთვის, რომ ითანამშრომლოს საერთაშორისო ინსტიტუტებთან, მათ შორის რა თქმა უნდა პირველ რიგში სტრასბურგის სასამართლოსთან და გამოძიება საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ გრძელდება ამ საქმეზე. ის მითითებები, რომლებიც გაკეთდა დღევანდელი დიდი პალატის გადაწყვეტილებაში, ასევე მნიშვნელოვანი საყურადღებო გარემოებები იქნება გამოძიების ფარგლებში. ჩვენ, ჯერ კიდევ, როდესაც თებერვალში სხდომა გაინართა და კითხვის ნიშნები გაჩნდა ამ საკითხზე, სახელმწიფომ ძალიან ეფექტიანად იმუშავა იმისთვის, რომ დროულად მომხდარიყო საგამოძიებო მოქმედებების წარმართვა და ნოემბერში დადგა ის შედეგი, რაც დადგა და დღეს ფაქტობრივად იგივე დაადასტურა დიდმა პალატამ“, – აღნიშნა ძამაშვილმა.
მისივე თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება შინაარსობრივად წინა გადაწყვეტილებისგან განსხვავდება იმით, რომ წინა გადაწყვეტილება აქცენტს აკეთებდა გამოძიების ხარვეზებზე.
„დღეს უკვე ფაქტობრივად გამოძიებას გამოკვეთილი აქვს ცალკეული პასუხისმგებელი პირი, იცით თქვენ ამის შესახებ და დიდ პალატასაც ჰქონდა უფრო მეტი საშუალება, რომ შინაარსში შესულიყო. დიდმა პალატამ დაადგინა, რომ მათ შორის არსებით ნაწილში იყო დარღვეული კონვენციის მუხლები, რომ ცალკეული მომჩივნების მიმართ, დემონასტრანტების მიმართ არასათანადო მოპყრობასაც ჰქონდა ადგილი და მათი გამოხატვის თავისუფლება შეკრება/მანიფესტაციის კონტექსტში შეიძლება დარღვეული ყოფილიყო იმ მომჩივნების მიმართ, ვინც უშუალოდ არ იყო ჩართული ძალადობრივ საქმიანობაში. ანუ, მთავარი მნიშვნელოვანი აქცენტი არის გაკეთებული იმაზე, რომ თუ დემონსტრანტი მონაწილეობას იღებს ძალადიბრივ ქმედებებში, სახელმწიფოს აქვს უფლება გამოიყენოს ძალა. ოღონდ ეს ძალა უნდა იყოს გამოყენებული პროპორციულად და უნდა გამოყენებული იყოს შესაბამისი საშუალებები, რაც არის მინიმალური საჭირო იმისთვის, რომ ეს უკანონო ქმედებები შეწყდეს. და დიდი პალატის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ იყვნენ ცალკეული ადამიანები, რომელთა უშუალო ჩართულობა შეიძლება არ დგინდებოდა და შსს-ს მაშინდელმა ხელმძღვანელებმა ძალა ამ ადამიანების მიმართაც გამოიყენეს და შესაბამისად კონვენციის მუხლები არის დარღვეული ამ ნაწილში“, – განაცხადა ძამაშვილმა.
