''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა ბათუმის საკრებულოში ფრაქცია დაარეგისტრირეს. ისინი დღეს სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდნენ. ცოტა ხნის წინ კი, პარტიის წევრმა, მამუკა ქობულაძემ საკრებულოში განცხადება მიიტანა.
''საქართველოს ორგანული კანონის ''ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის'' შესაბამისად წარმოგიდგენთ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' დასარეგისტრირებლად საჭირო დოკუმენტებს: ფრაქციის წესდებასა და დამფუძნებელი კრების ოქმს.
გთხოვთ გაატაროთ რეგისტრაციაში'' - წერია განცხადებაში.
ფრაქციის თავმჯდომარე ლაშა კილაბერია იქნება. რაც შეეხება წევრებს, ესენი არიან: ნაზი ფუტკარაძე, ნოდარ დუმბაძე და ბაჩი მექვაბიშვილი.
ოპოზიციური პარტიის წევრები გეგმავენ საკრებულოს მომდევნო სხდომებზე დასწრებას.
მამუკა ქობულაძის განცხადებით, ისინი შიდაპარტიულ დაპირისპირებას გამორიცხავენ, თუმცა საქართველოს პარლამენტში თანაგუნდელების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით გულდაწყვეტილები არიან.
ფრაქციის რეგისტრაციის შესახებ განაცხადი საკრებულომ ცნობად მიიღო.