თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლის დროს დაჭრილი ორი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ერთი მათგანი უკვე გაწერეს ბინაზე, ხოლო მეორეს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა მკურნალობას პალატაში განაგრძობს. ორივე მათგანს ჭრილობები კიდურების არეში ჰქონდა მიყენებული.
შეიარაღებული თავდასხმა არაყიშვილის ქუჩაზე გუშინ მოხდა. მოპედით მოძრავმა ორმა პირმა, ორი ახალგაზრდის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი ტყვია გაისროლა. სავარაუდო დამნაშავეებმა, ორივე კაცი დაჭრეს და დანაშაულის ადგილი დატოვეს.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
რა გახდა მომხდარის მოტივი, ამ ეტაპზე უცნობია. თავდამსხმელებს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
გამოძიება ორი მუხლით - იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებით და განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლებით დაიწყო.