ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 6 მაისს აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ, საპროტესტო აქციაზე დაკავებულების პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეებს მოუსმინეს. ინსპექტორ პოლიციელების მიმართ კითხვები ჰქონდა, როგორც მოპასუხე ასევე ბრალდების მხარეს. მოსამართლემ მხარეების დასკვნითი სიტყვაც მოისმინა. საქმეზე გადაწყვეტილებას ალექსანდრე გოგუაძე 3 ივნისს გამოაცხადებს. როგორც ბრალდების მხარემ განმარტა, ისინი დაკავებულებს პოლიციელების მიმართ დაუმორჩილებლობასა და გინებას ედავებიან. ერთ-ერთმა დაკავებულმა ბათუმის საკრებულოს წევრმა, რეზო ხარზმა თქვა, რომ შეიგინა, თუმცა არა პოლიციელის, არამედ რუსეთის პრეზიდენტის მისამართით. 6 მაისის ღამეს აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 24 ადამიანი დააკავა. აქციის მონაწილეების მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა იყო. აქციის მონაწილეები კი პოლიციელებმა იმ დროს დააკავეს, როცა მათ კარვების ქუჩიდან გატანაზე უარი თქვეს.