საქართველოს ეროვნული ლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში ბათუმის ''დინამომ'' წყალტუბოს ''სამგურალი'' მიიღო და ფრედ 4-4 ეთამაშა.
ბათუმში შეკრებილმა გულშემატკივარმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო დაპირისპირება იხილა. ანგარიში მე-7 წუთზე კვარაცხელია გახსნა, 2 წუთში ახვლედიანმა ანგარიში 1-1 გახადა.
მე-12 წუთზე უკვე ჯოვინომ გაიტანა და ისევ დინამო გავიდა წინ. მე-18 წუთზე ჯეფერსონ ჯერალდომ ისევ გაათანაბრა. 42-ზე ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა და ბათუმელებმა ტაიმი 3-2 მოიგეს.
მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე რუხაძემ მესამედ გაათანაბრა შეხვედრაში ანგარიში. ამის შემდეგ ხვიცა კვარცხელიას წაქცევისთვის ''სამგურალის'' კარში პენალტი დაინიშნა, რომლის რეალიზებაც თავად დაზარალებულმა შეასრულა და მატჩში დუბლი გაიფორმა.
შეხვედრის 83-ე წუთზე კალანდარიშვილმა მატჩის საბოლოო ანგარიში 4-4 დააფიქსირა. 16 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ბათუმის დინამო 35 ქულით ისევ გათამაშების ლიდერია.
მეორე ადგილს 32 ქულით თბილისის ''დინამო'' იკავებს. ახლა ეროვნულ ჩემპიონატში სანაკრებო პაუზა იქნება. ბათუმის ''დინამოს'' მომდევნო შეხვედრა 16 ივნისს გასვლაზე ''გაგრას'' წინააღმდეგ ექნება.