პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ნათია თურნავა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარადგინა. შესაბამისი დოკუმენტები ასახულია პარლამენტის ვებგვერდზე.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, საკითხს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი უახლოეს დღეებში განიხილავს.
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი 7 წლის ვადით ირჩევს. ეროვნული ბანკის საბჭო ამჟამად 7 წევრისგან შედგება, თუმცა ეროვნული ბანკის შესახებ კანონის თანახმად, საბჭო 9 წევრისგან უნდა შედგებოდეს.
ნათია თურნავა 2019 წლის 18 აპრილიდან 2022 წლის 9 თებერვლამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო.