შვეიცარიის ქალაქი დავოსი ორწლიანი პაუზის შემდეგ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს. განხილვის მთავარი თემა უკრაინაში რუსული აგრესია იქნება.
ფორუმის სახელია „უკრაინა - სახლი დავოსში,“ რომელიც უკრაინისა და საერთაშორისო მხარდამჭერებისთვის შეიქმნა. დავოსის ფორუმი უკრაინის პრეზიდენტის მიმართვით გაიხსნება.
ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვედრები გუშინ დაიწყო. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გარდა შეხვედრების მთავარი განსახილველი თემებია კორონა ვირუსის პანდემია და კლიმატის ცვლილება.
დავოსში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი შეხვედრებს გამართავს და ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზეც სიტყვით გამოვა.
საკურორტო ქალაქ დავოსის მთავარი ქუჩა უკრაინელი ხელოვანების მიერ მოირთო და გარდაიქმნა „რუსეთის ომის დამნაშავეების ქუჩად“.