ნიკა გვარამიას დაკავებას და მისი მხარდამჭერების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.
ირაკლი კობახიძის თქმით, გვარამიას დასჯასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის ტოლობის ნიშანი არ არის. სამართლის უზენაესობის გარეშე კი, საქართველო ევროპული ოჯახის წევრი ვერ გახდება.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“, ,,ენჯეოები'', გვარამია და მათი უცხოელი ლობისტები არიან, თავისი არსით, ანტიევროკავშირი.
მისივე თქმით, ყველამ ძალიან კარგად იცის, რა მოვლენები ვითარდებოდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო გასული წლების განმავლობაში, ტელეკომპანია ჯერ კანონიერ მფლობელს წაართვეს, შემდეგ კი გაძარცვეს.
''სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, კანონიერ მფლობელს გაძარცვული უკან „მიუგდეს“. ეს არის ფაქტი, რომლის სამართლებრივი წესით დადასტურება მხოლოდ მათთვის შეიძლება იყოს მიუღებელი, ვისაც ამ საქმის მიმართ მანკიერი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი აქვს.
ეს ადამიანები არიან ბაკურიანის ცნობილი შეხვედრის მონაწილეები, ახალი შულავერის კომიტეტი, „ომისა და ღალატის პარტია“, რომლისთვისაც უსამართლობა, ტელევიზიების მიტაცება და სასამართლოზე ზეწოლა მიღებული პრაქტიკაა. ,,ნაციონალური მოძრაობა'', მისი სატელიტი პარტიები, მისი კუთვნილი მედიასაშუალებები, ,,ენჯეოები'' და უცხოელი ლობისტები ხმაშეწყობილად მოქმედებენ სამართლის უზენაესობის, მართლმსაჯულების, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მედიასაშუალებების წინააღმდეგ, რათა, სამომავლოდ, პოლიტიკური წარმატების თუნდაც თეორიული შანსი შეინარჩუნონ.
ჩვენ ამ ადამიანებს ვერც სამართლის აღსრულების შეჩერების, ვერც ტელეკომპანიების ძარცვისა და ვერც სასამართლოზე ზეწოლის უფლებას ვერ მივცემთ.
ბოლოს, უსათუოდ უნდა გამოვეხმაუროთ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, ტოლობის ნიშანი დასვან გვარამიას არდასჯასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის. მათ პასუხად, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ევროკავშირი არ არის კორუფცია, ძარცვა და უსამართლობა, არამედ ევროკავშირი სწორედ სამართლის უზენაესობა და კორუფციისგან თავისუფალი საზოგადოებაა'' – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.