შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების, ასევე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ერთ-ერთი ბრალდებულის ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივაციისთვის განკუთვნილი მოწყობილობები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
კიდევ ერთი პირი კი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ბრალდებით, თბილისში აიყვანეს.
''სამართალდამცველებმა, ვარკეთილის მე-3 მასივში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული დ.გ.-ს პირადი ჩხრეკისას, 45 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია 6 ძირი კანაფი და ნარკოტიკული საშუალების შემცველი აღნიშნული მცენარის გასაზრდელად განკუთვნილი ე.წ. კაბინა'' - აცხადებენ სამინისტროში.
დანაშაულები 4-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.