საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების 40% უკვე შესრულებულია - შალვა პაპუაშვილი

09 მაისი 2022, 11:24 650 ნახვა

შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, საქართველო ევროკავშირის კითხვარის პასუხების მეორე ნაწილს დიდი ალბათობით, ხვალ გაგზავნის.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების 40% უკვე შესრულებულია.

„დღეს გარდა იმისა, რომ აღვნიშნავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, ასევე აღვნიშნავთ ევროპის დღეს. მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველო იმყოფება აბსოლუტურად სხვა პროცესში, ჩვენ უკვე გავაკეთეთ განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. პროცესი დაძრულია და ჩვენ მადლიერი ვართ ევროკავშირის, რომ უმოკლეს ვადაში შეადგინეს კითხვარი ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც ასევე მოკლე ვადაში გაეცა პასუხები. პირველი ნაწილი უკვე გადაცემულია და დიდი ალბათობით, ხვალ მოხდება პასუხების მეორე ნაწილის გადაცემა.

საქართველო-უკრაინა-მოლდოვის საკითხი განიხილება ერთად, ჩვენ ვართ სამი ქვეყანა, რომელიც ერთ ეტაპზე არიან. ამავე დროს, საქართველო ამ სამ ქვეყანას შორის არის ერთ-ერთი ლიდერი ასოცირების ხელშეკრულების შესრულებასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ასოცირების ხელშეკრულების 40% უკვე შესრულებულია საქართველოს მიერ და ამ მხრივ საკანონმდებლო დონეზე საკმაოდ მჭიდროდ ვართ დაახლოებული ევროკავშირთან“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში