მიხეილ სააკაშვილის ოჯახი საზღვარგარეთ გადასაყვანად მთავრობას ვადას ორშაბათამდე აძლევს

28 აპრილი 2022, 20:45 1135 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი მთავრობას ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად დროს ორშაბათს 18:00 საათამდე აძლევს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა რუსთავის ციხესთან  გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დავით სააკაშვილის განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ოჯახი პერმანენტულ აქციებს გამართავს.

"გუშინ გამოქვეყნდა სახალხო დამცველის, კვალიფიციური ექიმების ანგარიში მიშას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და აშკარად ჩანს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. საზოგადოებას ჯერ კიდევ არ აქვს კარგად გათვითცნობიერებული, თუ რა რისკებთან და ზოგადად, რა სიტუაციასთან გვაქვს საქმე. მე როგორც მესამე პრეზიდენტის ძმა და მთელი ოჯახი, მიშას სიკვდილს არ დავუშვებთ, ეს არის ცალსახა.

მინდა მივმართო სამოქალაქო საზოგადოებას, დედებს, მამებს, ძმებს, შვილებს, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის სიცოცხლე, გთხოვთ, დაგვეხმაროთ მიშას სიცოცხლის გადარჩენაში. მინდა, ასევე მივმართო პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც ძალიან აქტიური როლი უნდა ითამაშონ იმაში, რომ არ განმეორდეს საქართველოში ის ტრაგედია, რისი გამოცდილებაც გვაქვს. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, გავერთიანდეთ ჩვენს ირგვლივ. ძალიან მომწონს არასამთავრობო ორგანიზაციების სამოქალაქო ინიციატივა, რომლებიც ითხოვენ, რომ მიშა გადაყვანილი იქნას საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რადგან ალბათ, საზოგადოების ნაწილი მაინც მიხვდა რა ფატალურ რისკებთან გვაქვს საქმე.

მიშა ამ შემთხვევაში არის პუტინის მძევალი საქართველოში. არა მარტო თითოეული ჩვენთაგანის, ქვეყნის ღირსების საკითხია მიშას შევუნარჩუნოთ ჯანმრთელობა და მივცეთ უფლება იცხოვროს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებით და ყველაფერი წარიმართოს ისე, როგორც პირველ რიგში, ქართველ ხალხს სურს.

მთელი ოჯახის სახელით ვაცხადებ, რომ ვაძლევთ გონივრულ ვადას ჩვენს მთავარობას, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვთქვათ ორშაბათს 18:00 საათამდე მივცეთ დრო მთავრობას, რათა უზრუნველყონ მიშას გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ. დრო აღარ ითმენს და შედეგი შეიძლება იყოს ფატალური. ამის თანამონაწილე არ უნდა გავხდეთ არავინ. ვაძლევთ გონივრულ ვადას ორშაბათს საღამომდე, ამის შემდეგ, თუ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, გამოვაცხადებთ პერმანენტულ აქციებს და მერე უკვე დიდ აქციას, რომ მიშა გათავისუფლდეს და მიეცეს საშუალება იმკურნალოს, დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას", - განაცხადა  დავით სააკაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში